მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

ტრამპის მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას ამერიკელთა მხარდაჭერა საგრძნობლად მოაკლდა

მასობრივ დეპორტაციას წინააღმდეგობა საზოგადოებასა და სასამართლოებში ერთდროულად ხვდება

2025 წლის 20 ივლისს გამოქვეყნებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ აშშ-ის საზოგადოებაში თანდათან მცირდება მხარდაჭერა მასობრივი დეპორტაციის მიმართ – პოლიტიკისა, რომელიც დონალდ ტრამპის ორივე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი დაპირება იყო.

გამოკითხვების თანახმად, სულ უფრო მეტი ამერიკელი მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ გატარებული მკაცრი ზომები ხშირად გადაჭარბებულია და სამოქალაქო თავისუფლებებს ზღუდავს.

დონალდ ტრამპმა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ნაწილობრივ სწორედ ამ მიგრაციულ პოლიტიკაზე დაყრდნობით მოიპოვა – იგი ამომრჩევლებს იმიგრანტთა „ისტორიული მასშტაბის დეპორტაციას“ დაჰპირდა და წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მათ წინააღმდეგ მწვავე რიტორიკა გამოიყენა – არალეგალურ მიგრანტების დიდი ნაწილი კრიმინალებად გამოაცხადა და მათ „ველურები“ და „ცხოველები“ უწოდა.

თუმცა ბოლო გამოკითხვები, მათ შორის CNN-ისა და CBS News-ის კვლევები, მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი განწყობები უკვე საპირისპიროდ იცვლება.

CNN-ის მონაცემებით, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ საიმიგრაციო რეიდები დასაშვებ ზღვარს გადასცდა. ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება, ჩანს, ნიღბიანი აგენტები ქუჩიდან როგორ იტაცებენ ადამიანებს – ეს კადრები ბევრი ამერიკელისთვის შემაშფოთებელია

გამოკითხულთა 57%-მა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა მასობრივი დაკავების ცენტრების მშენებლობის გეგმის მიმართ და მხოლოდ 26%-მა დაუჭირა მხარი.

CBS News-ის კვლევის თანახმად, ამერიკელთა 56% ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არაკეთილსინდისიერად ეპყრობა იმიგრანტებს, რომლებიც საზოგადოებისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენენ.

ზოგადად, ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკისადმი მხარდაჭერაც მცირდება – თებერვალში მას 59% უჭერდა მხარს, ივნისში – 54%, ივლისში კი ეს მაჩვენებელი 49%-მდე შემცირდა.

ამასთან, რესპუბლიკელთა 91% კვლავ მხარს უჭერს მასობრივ დეპორტაციას, თუმცა დამოუკიდებელ ამომრჩეველთა 59% და დემოკრატთა 86% წინააღმდეგია.

ვენესუელელ მიგრანტთა დეპორტაცია შეჩერებულია – სასამართლო ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაბიჯი

ტრამპის მკაცრ პოლიტიკას და დაუსაბუთებელ დეპორტაციას სასამართლოს მხრიდანაც ხვდება წინააღმდეგობა.

მიმდინარე თვეში ფედერალურმა სასამართლომ შეაჩერა ვენესუელელი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის გეგმა.

გადაწყვეტილება მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების საჩივრებს, რომელთა თანახმად, ბევრ მიგრანტს არ ეძლეოდა თავშესაფრის მოთხოვნის სამართლიანი შესაძლებლობა – მათ შორის, იმ პირებს, რომლებიც ვენესუელაში პოლიტიკური რეპრესიებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ.

სასამართლოს განკარგულება არა მხოლოდ კონკრეტული გეგმის დროებითი შეჩერებაა, არამედ მთლიანად მასობრივი დეპორტაციის პოლიტიკის ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.

ტრამპის რეიტინგის ცვლილება და საჯარო განცხადებები

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის მეორე ვადაში თავისი ექვსთვიანი მუშაობის თავზე Truth Social-ზე დაწერა: „ექვსი თვე დიდი დრო არ არის ქვეყნის სრულად აღსადგენად… ერთი წლის წინ ამერიკა მკვდარი იყო. ახლა ჩვენ ვართ მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემი ქვეყანა“.

თუმცა მისი რეიტინგის ტენდენცია საწინააღმდეგოს მიუთითებს – ამჟამად ტრამპს ამერიკელთა მხოლოდ 42% უჭერს მხარს, მაშინ როცა თებერვალში მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი 53%-ს აღწევდა.

ნანა ძნელაძე

ამავე თემაზე: ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკას მნიშვნელოვნად არბილებს – აშშ-ის პრეზიდენტმა მიგრანტების გარკვეული ჯგუფების დაკავების შეჩერების ბრძანება გასცა

„ალიგატორ ალკატრასი“ – ტრამპი არალეგალურ იმიგრანტებს ფლორიდის ალიგატორებთან გზავნის (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close