კვარაცხელიას „პსჟ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალშია – ორი ფეხბურთელის გაძევების მიუხედავად გუნდმა გოლიც გაიტანა და შეხვედრაც მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდა, 2:0 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავიდანვე აქტიურობდა, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა. მეორედ, 35-ე წუთზე კი მცველს გასცდა, მაგრამ „ბაიერნი“ მანუელ ნოიერმა გადაარჩინა. კვარას გადაცემით საგოლე მომენტიც შეიქმნა, მაგრამ მეტოქის კარი ამჯერადაც „მშრალი“ დარჩა.
ისევე, როგორც პირველ ტაიმში, უპირატესობას მეორე ტაიმშიც გერმანელები ფლობდნენ, ფრანგებმა კი ორი მომენტი კვარაცხელიას აქტიური თამაშის შედეგად შექმნეს. ხვიჩამ 48-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ ბრედლი ბარკოლა გაიყვანა, მაგრამ „ბაიერნის“ მეკარე ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. 74-ე წუთზე კვარაცხელიას აქტიურობის შემდეგ ნოიერმა შეცდომა დაუშვა, ბურთი უსმან დემბელეს მიუვიდა, ფრანგების ფორვარდმა ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ ააცილა.
78-ე წუთზე პარიზელებმა გოლი მაინც გაიტანეს – სწრაფი კონტრშეტევა დეზირე დუემ დააგვირგვინა, მაგრამ შემდეგ მოვლენები დრამატულად განვითარდა – მალევე პაჩო ლეონ გორეცკასთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს და ფრანგები 10-ნი დარჩნენ. ლუის ენრიკემ დაცვის გასაძლიერებლად 83-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა და მცველი, ბერალდო შემოიყვანა.
მსაჯმა ძირითად დროს 6 წუთი დაამატა. მეორე დამატებით წუთზე კიდევ ერთმა პარიზელმა – ლუკა ერნანდესმაც მიიღო წითელი ბარათი. ცხრა მოთამაშით დარჩენილმა „პსჟ-მა“ მეორე გოლის გატანაც მოახერხა (ამჯერად დემბელემ გამოიჩინა თავი). ორიოდე წუთში მსაჯმა ჯიჯი დონარუმას კარში პენალტი დანიშნა, თუმცა გადამოწმების შემდეგ გააუქმა და საბოლოო ანგარიში 2:0 დაფიქსირდა „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ.
მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა მადრიდის „რეალსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა 3:2, შესაბამისად, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „პსჟ“-ის მეტოქე „რეალი“ იქნება. შეხვედრა 9 ივლისს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები