ვიდეომსოფლიო

იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ანომალიურ სიცხეს და ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)

იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანია დაღუპული, მათგან ორი – 75 და 60 წლისები.

გენუაში 85 წლის მამაკაცი გულის უკმარისობით საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გარდაიცვალა, სადაც ის გაუწყლოების დიაგნოზით იყო გადაყვანილი.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ 3 ივლისს 18 ქალაქში, მათ შორის, რომში, მილანში, ტურინში, ბოლონიაში, გენუასა და პალერმოში საფრთხის წითელი დონე გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცხე ძლიერია.

უახლესი მონაცემებით, იტალიის დედაქალაქში ტემპერატურა ზედიზედ რამდენიმე კვირაა 35 გრადუს ცელსიუსზე მაღალია. რომი ანომალიური სიცხით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია ბოლო 50 წლის განმავლობაში.

Le Figaro-ს ინფორმაციით, საფრანგეთში, პარიზში, ძლიერი სიცხის გამო 10 წლის გოგონა გარდაიცვალა შეერთებული შტატებიდან, რომელიც ვერსალის დათვალიერების დროს ცუდად გახდა.

მსხვერპლია ესპანეთშიც.

ესპანეთში სიცხის შედეგად ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც ჩაკეტილ მანქანაში დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია AFP-მა გაავრცელა. ტრაგედია ტარაგონის რეგიონში მდებარე სოფელ ვალსში მოხდა. ვარაუდობენ, რომ ბიჭუნა მანქანაში მამამ ჩაკეტა, რომელიც სამსახურში წავიდა და ბავშვი დაავიწყდა. ბავშვმა გავარვარებულ მანქანაში ოთხი-ხუთი საათი გაატარა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ესპანეთის კატალონიის რეგიონში ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

ცეცხლი ტორეფეტის რეგიონში გაჩნდა. ხანძარმა რამდენიმე ფერმა გაანადგურა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა ძლიერი ქარის გამო. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ისევ  არის მოსალოდნელი თბური შტორმი და მოუწოდებს მათ, საგანგებო სამსახურის მითითებები და რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

ტყის ხანძარი კატალონიაში ევროპაში ჰაერის უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურის ფონზე გაჩნდა.

ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახური პირენეს ნახევარკუნძულის ძირითად ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურის, შტორმისა და ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას.

წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა გერმანიაშიც. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის (DWD) მონაცემებით, დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ ანდერნახში ტემპერატურამ 39.3°C-ს მიაღწია.

2 ივლისს მეორე ყველაზე მაღალი ტემპერატურა საქსონია-ანჰალტში, ტანგერჰიუტე-დემკერში დაფიქსირდა – 39.2 °C, შემდეგ მოდის ბავარიის ქალაქი კიცინგენი 39.1°C-ით.

გერმანიისთვის ყველა დროის სიცხის რეკორდი 2019 წლის 25 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც DWD-ის მეტეოროლოგიურ სადგურებზე ტონისფორსტსა და დუისბურგ-ბერლში, რომლებიც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის დასავლეთ მხარეში მდებარეობს, 41.2°C გაზომეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close