ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საჩივრის განხილვა. სასამართლო კორესპონდენციაში განმარტავს, რომ საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი (“Impact Case”) მიენიჭოს. აღნიშნულის გათვალისწინებითაც, საქმის არსებითი განხილვა საჩივრის წარდგენიდან შემჭიდროებულ ვადებში, 2 თვეში დაიწყო“, – წერს საია თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან და მის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილს მიმართა.
„კერძოდ, საჩივარში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს უსაფუძვლოდ, ხოლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად, შესაბამისი საფუძვლების გარეშე და ეროვნულმა სასამართლოებმა წინასწარი პატიმრობის კანონიერება არ შეაფასეს. ამასთან, მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლება შეიზღუდა კონვენციაში გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნებით, და წინასწარი პატიმრობის გამართლება, მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პარალელურად, წარმოადგენდა მის ბრალეულობაზე ნაადრევ დასკვნას. საჩივარში ასევე აღნიშნულია, მობილური ტელეფონის სავარაუდოდ უკანონო ჩამორთმევისა და ჩხრეკის ფაქტზე, რამაც შეზღუდა მზია ამაღლობელის პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რასთან დაკავშირებითაც მას არ ჰქონია ეფექტიანი დაცვის საშუალება ეროვნულ დონეზე.
სასამართლომ მხარეებს მიმართა ვრცელი შეკითხვებით საჩივარში მითითებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. საქმისწარმოების პირველ ეტაპზე, სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლების და ამასთან კავშირში სხვა დარღვევებთან მიმართებით“.
„გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო ძალიან მოკლე ვადებში. ორი თვის წინ გავაგზავნეთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში და უკვე არსებითად იხილება იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაზეც საჩივარში ვდავობთ.
გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში. სწორედ ამ პატიმრობიდან გამომდინარე დარღვევებს ეხება ეს საქმე. სამწუხაროდ, მზია ამაღლობელის მიმართ სხვა პარალელური საქმეებიც მიმდინარეობს, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობიდან გამომდინარე. ასევე, სისხლის სამართლის ბრალდების საქმე, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით თუ აქ, ეროვნულ დონეზე ვერ მოხდება უფლებების დაცვა, ჩვენ დამატებით გამოვიყენებთ საერთაშორისო მექანიზმებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველი საქმე, რომელიც მზიას სახელით გაიგზავნა, დააკომუნიცირა და ამასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები“, – განაცხადეს საია-ში.
კომენტარები