უკვე შესაძლებელია ქართული ეროვნული მართვის მოწმობის ბერძნულში გადაცვლა და პირიქით

მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები უკვე თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ, მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის შემდეგი კატეგორიები/ქვეკატეგორიები: AM, A, A1, A2, B, B1, C, D, C1, D1, BE, CE, DE, C1E, D1E.
საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას 2024 წლის 26 ივნისს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მოეწერა ხელი.
2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტმა „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს, აგრეთვე, გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსა და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.
ამ საკითხზე სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია იტალიასთანაც.
ამავე თემაზე: ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა შესაძლებელი გახდა
კომენტარები