საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესვლისთვის რეგისტრაცია დასჭირდებათ – 30 ივნისიდან ახალი წესები ამოქმედდება

30 ივნისიდან რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის ერთიან სისტემაში უნდა დარეგისტრირდნენ. ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.
დიპლომატიური უწყების ვებსაიტზე მითითებულია, რომ საუბარია „ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე“, რომელიც 2026 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის პროცედურა ნებაყოფლობითია.
„ექსპერიმენტის ფარგლებში, რუსეთში უვიზოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, ჩასვლამდე, სულ მცირე, 72 საათით ადრე გაიარონ ციფრული რეგისტრაცია „Госуслуги RuID-ის“ აპლიკაციაში. გადაუდებელ შემთხვევებში (მაგალითად, ახლო ნათესავის ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში), განაცხადის წარდგენა დაშვებულია უფრო მოკლე ვადაში – ჩასვლამდე ოთხი საათით ადრე.
რუსეთის ფედერაციაში შესვლისთანავე, შესვლის განაცხადში მოცემული მონაცემების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ავტომატურად გადაეცემა СНИЛС (ინდივიდუალური პირადი ანგარიშის სადაზღვევო ნომერი), რომელიც აუცილებელია საკომუნიკაციო ხელშეკრულების დადებისა და SIM ბარათის შესაძენად”, – ნათქვამია განცხადებაში.
ექსპერიმენტი ვრცელდება უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, გამონაკლისს წარმოადგენენ: ბელარუსის მოქალაქეები; ექვს წლამდე ასაკის ბავშვები; დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრები; საერთაშორისო ორგანიზაციების თანამდებობის პირები (და მათი ოჯახის წევრები); დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები და მათი ოჯახის წევრები.
მობილური აპლიკაციის მომხმარებლებს წინასწარ შეუძლიათ შეამოწმონ, აქვთ თუ არა რუსეთის ფედერაციაში შესვლის შეზღუდვები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
გარდა ამისა, 30 ივნისიდან რუსეთის ყველა სასაზღვრო პუნქტში შეგროვდება ბიომეტრიული მონაცემები: ფოტოები და თითის ანაბეჭდები. ამ საკითხის კომენტირებისას სოხუმსა და ცხინვალში განაცხადეს, რომ აპლიკაციის გამოყენება ნებაყოფლობითია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2023 წლის 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს შემოღებული სავიზო რეჟიმი. ამავდროულად, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. 2024 წლის ოქტომბერში პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები