ვიდეოკულტურასაქართველო

გელათის მთავარი ტაძარი თეთრ საბურველში გაეხვია – რა ხდება? (ვიდეო/ფოტო)

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვა დასრულდა. 40-მეტრიანი მეტალის უნიკალური კონსტრუქციის აღმართვის სამუშაოები 2024 წლის ივლისში დაიწყო და ერთი წლის თავზე ტაძარი თეთრ საბურველში გაეხვია.

გადახურვა მართლაც უნიკალურია – დაწოლა ტაძარზე არ მოდის. კონსტრუქცია დგას თავის მზიდებზე. მაგალითად,  ნოტრდამი როდესაც დროებით გადახურვაში მოექცა, მთელი ის მასა თვითონ ტაძარს აწვებოდა. გელათის შემთხვევაში უცხოელი და ქართველი ექსპერტების მიერ მართლაც უნიკალური ტექნოლოგია შემუშავდა.

გელათის მთავარი ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვა გერმანელმა სპეციალისტებმა უზრუნველყვეს.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, ახლა უკვე მომზადებულია საფუძველი იმისთვის, რომ ტაძარი ძირითადი საფარით დაიხუროს. უკვე ჩატარებული სამუშაო კი იმის გარანტიაა, რომ გელათი საშიშროების წინაშე არ აღმოჩნდება.

„ყველაფერი შესრულდა უმაღლეს დონეზე, უნაკლოდ და უსაფრთხოდ“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

გადახურვის პარალელურად ჩატარდა კედლის მხატვრობისა და მოზაიკის მხატვრობის მიმართულებით სრულიად უნიკალური კვლევები, მიმდინარეობს საკონსერვაციო სამუშაოები.

ამას კი რთული პროცესი უძღოდა წინ.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს დასრულდა, თუმცა მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.

ეს საქმე კულტურის სამინისტროს ჰქონდა დავალებული. საპატრიარქომ კულტურის სამინისტროს მუშაობის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა და მოითხოვა რესტავრაციის ჩატარება ერთიანი მართვის გეგმით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა. 2024 წლის მარტში კი გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 7,5 მილიონი ლარი გამოყო.

გელათის სამონასტრო კომპლექსი1994 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

გელათი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის – UNESCO-ს რეკომენდაციის მიხედვით გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა განახორციელა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close