ვულკანი ეტნა ამოიფრქვა – გავრცელდა კადრები, როგორ გარბიან ტურისტები (ვიდეო)

სიცილიაში ვულკან ეტნიდან ფერფლის უზარმაზარი სვეტი ამოიფრქვა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ANSA.
სააგენტოს ცნობით, ეტნა ამოფრქვევის ახალ ინტენსიურ ფაზას აჩვენებს სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერიდან, თავიდან სტრომბოლური აქტივობით, შემდეგ კი – ლავის შადრევნით.
იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (IGNV) განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოფრქვევა ორშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 3:50 საათზე დაიწყო ვულკანური ბიძგების შემდეგ, რომლებიც შუაღამისას დაფიქსირდა.
ვულკანური ფერფლის, გაზისა და გავარვარებული ქანების უზარმაზარი სვეტის სიმაღლემ 6,5 კილომეტრს მიაღწია სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერის ჩრდილოეთ ნაწილის ჩამონგრევის გამო. გავარვარებული პიროკლასტური ნაკადი არ გასცდენია ეტნის გაუდაბნოებულ ზონას, ე. წ. ლომის ველს (Valle del Leone) რომელიც ვულკანის ფერდობებზე მდებარეობს. რაც მთავარია, მას ადამიანებისთვის ზიანი არ მიუყენებია.
მედიის ცნობით, ვულკანის დასათვალიერებლად ჩასული ტურისტები გაქცევით შველიან თავს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
A powerful eruption of Mount Etna sent tourists running as a huge ash plume rose into the sky on Monday. pic.twitter.com/U7dJTUoKO7
— AccuWeather (@accuweather) June 2, 2025
ვულკანის ამოფრქვევის მასშტაბიდან გამომდინარე, მის მიერ გამოშვებული კვამლის ღრუბლის ნახვა ახლომდებარე ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებსაც შეუძლიათ.
ტულუზაში ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრმა ავიაციისთვის განგაშის წითელი დონე გამოაცხადა, თუმცა განგაში მალევე გაუქმდა.
კატანიის მერმა Corriere della Sera-ს განუცხადა, რომ „ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და კონტროლს ექვემდებარება“.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები