მსოფლიოკრიმინალი

დიდ ბრიტანეთში სექსუალური დამნაშავეების მიმართ ქიმიურ კასტრაციას გამოიყენებენ – რა ხდება სხვა ქვეყნებში?

ხუთშაბათს, 22 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებულ ქიმიურ კასტრაციას ორი რეგიონის 20 ციხეში გამოიყენებენ და მას სავალდებულო (იძულებითი) ხასიათი ექნება.

„დიდი ბრიტანეთი აპირებს, ქიმიური კასტრაციის გამოყენება სავალდებულო გახდეს გარკვეული სექსუალური დამნაშავეებისთვის, რათა განმეორებითი დანაშაულის რისკი შემცირდეს და ციხეების გადატვირთულობა შემსუბუქდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.

პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა, ეფუძნება 2022 წელს ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში არსებულ რამდენიმე ციხეში დაწყებულ ექსპერიმენტს, სადაც ლიბიდოს ინჰიბიტორული მკურნალობა ნებაყოფლობით ტარდება.

ეს ინიციატივა არის გამოსავლის ერთ-ერთი გზა, რომელზეც საუბარია დამნაშავეთა დასჯის შესახებ გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ კვლევაში და რომლის მიხედვითაც, 2028 წლის დასაწყისისთვის ქვეყანაში 9 500 საპატიმრო ადგილის დეფიციტი იქნება.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, „კვლევის ავტორები რეკომენდაციას უწევენ მკურნალობის საპილოტე პროექტის გაგრძელებას, რომლის მიზანი სექსუალური ლტოლვის პრობლემური აშლილობების მქონე პირების მკურნალობის მართვაა“.

მაჰმუდის თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ ქიმიური კასტრაციის შედეგად შესაძლებელია დანაშაულის რეციდივის 60 პროცენტით შემცირება.

ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ფარმაცევტული პრეპარატები, რომლებიც ლიბიდოს თრგუნავენ და წამლები, რომლებიც სექსუალურ ლტოლვას ამცირებენ.

ქიმიური კასტრაციის რეკომენდაცია ეკუთვნის დიდი ბრიტანეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრს დევიდ გოკეს, რომლის ხელმძღვანელობითაც კვლევის დიდი ნაწილი ჩატარდა. გარდა იმისა, რომ გოკე რეციდივის შემცირების გზებს ეძებდა, მან ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები პენიტენციარული სისტემის რეფორმირებისთვის, რომელიც ამჟამად სრული დატვირთვის ზღვარზე მუშაობს.

გასული წლის ივლისში ხელისუფლებაში ლეიბორისტების დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი, რაც შაბანა მაჰმუდმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე გააკეთა, იყო პატიმრების ვადამდელი გათავისუფლების პროგრამის სანქცირება, რათა საკნები გამოთავისუფლებულიყო.

მისი თქმით, მან მემკვიდრეობით მიიღო სასამართლო სისტემა, რომელიც წინა, კონსერვატიული მთავრობის მიერ წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

„თუ ჩვენი ციხეები ჩამოიშლება, სასამართლოები იძულებულნი გახდებიან, სასამართლო პროცესები აღარ ჩაატარონ, პოლიციას კი დაპატიმრებების შეჩერება მოუწევს. შესაბამისად, დანაშაული დაუსჯელი დარჩება, კრიმინალები გაბატონდებიან და ქაოსი დაისადგურებს. ასე რომ, ჩვენ კანონისა და წესრიგის კოლაფსის წინაშე ვდგავართ“, – აღნიშნა მან.

ინგლისისა და უელსის ციხეებში პატიმრების რაოდენობამ გასული წლის სექტემბერში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიმდინარე წლის დასაწყისში მთავრობამ განაცხადა, რომ პატიმრების დროებითი განთავსებისთვის იყენებს პოლიციის განყოფილებების საკნებს, როგორც საგანგებო ღონისძიებას ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად.

შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, კვლევაში შევიდა რეკომენდაცია, რომ დამნაშავეები ციხიდან უფრო ადრე გათავისუფლდნენ, ვიდრე ეს დღეს ხდება, ხოლო მოსამართლეებმა სასჯელების დაკისრებისას მეტი მოქნილობა გამოიჩინონ.

ასევე, რეკომენდებულია 12 თვეზე ნაკლები ვადით თავისუფლების აღკვეთის გაუქმება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორიცაა, მაგალითად, ოჯახური ძალადობა. რეკომენდაციებში შევიდა სამ წელზე ნაკლები ვადით მსჯავრდებული უცხოელების დაუყოვნებლივი დეპორტაციაც.

კვლევაში მოთხოვნილია უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება პრობაციის სისტემაში და დამატებითი დაფინანსება იმ მრავალი კანონდამრღვევისთვის, რომლებსაც სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა აქვთ დაკისრებული.

ამ რეკომენდაციების საფუძველზე მაჰმუდმა პრობაციის სამსახურს წელიწადში 700 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 820 მილიონი ევრო) გამოუყო.

2025 წლის 31 მარტის მონაცემებით, ინგლისსა და უელსში სექსუალური დანაშაულებისთვის 14 863 პირი იხდიდა სასჯელს, რაც ზრდასრული პატიმრების დაახლოებით 21 პროცენტს შეადგენს.

ინგლისისა და უელსის ციხეებში პატიმრების რაოდენობა ბოლო 30 წლის განმავლობაში გაორმაგდა და, დანაშაულის მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, დაახლოებით 90 000-ს მიაღწია. ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებიდან გამომდინარე, კანონდამრღვევებს უფრო ხანგრძლივ სასჯელს უფარდებენ.

კონსერვატიული პარტიის სპიკერი იუსტიციის საკითხებში რობერტ ჯენრიკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მცირე სასჯელების გაუქმება, ფაქტობრივად, ქურდობის, ძარცვისა და თავდასხმების „დეკრიმინალიზაციის“ ტოლფასი იქნება.

ამის საპასუხოდ მაჰმუდმა აღნიშნა, რომ ის კონსერვატორების მიერ დატოვებულ არეულობას აწესრიგებს და მისმა მთავრობამ მე-19 საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის შემდეგ საპატიმრო კომპლექსის ყველაზე დიდი გაფართოება დაიწყო.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა: „მეცნიერული მტკიცებულებები ნათლად აჩვენებს, რომ ქიმიური მკურნალობა შეიძლება ეფექტური იყოს საშიში დამნაშავეების სამკურნალოდ, რის გამოც ჩვენ მის გამოყენებას ვაფართოებთ“.

რა ხდება ამ მხრივ სხვა ქვეყნებში?

გერმანიაში, დანიაში, ავსტრიასა და შვედეთში ქიმიური კასტრაცია ნებაყოფლობითია.

პოლონეთში, რუსეთში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ის რამდენიმე შტატში ის ზოგიერთი დამნაშავისთვის სავალდებულო სასჯელის ფორმად გამოიყენება.

საფრანგეთში ქიმიური კასტრაცია, ასევე, შედის მკურნალობის იმ მეთოდების ჩამონათვალში, რომლებიც შეიძლება სოციალურ-სამართლებრივი მონიტორინგის ან პირობითი გათავისუფლების ფარგლებში დაინიშნოს, თუმცა მას ექიმი ნიშნავს და არა – სისხლის სამართლის სასამართლო.

პორტუგალიაში ორი წლის წინ პარტია „ჩეგას“ მიერ წარდგენილი წინადადება, რომ ქიმიური კასტრაცია სექსუალური ძალადობის დანაშაულებისთვის დამატებით სასჯელად გამოეყენებინათ, სხვა პარტიებმა უარყვეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close