აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა (ქვედა) პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მომხრე იყო 349 კონგრესმენი (168 რესპუბლიკელი და 181 დემოკრატი), წინააღმდეგ წავიდა 42 კონგრესმენი, ხოლო 42-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
„მეგობარი აქტის“ სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, აგრეთვე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.
„მეგობარი აქტი“ აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გასულ წელს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში მან დოკუმენტი ხელახლა წარადგინა კონგრესმენებთან – სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ უიზისთან ერთად.
„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს:
„დაიწყოს აშშ-სა და აქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის, დახმარების ყველა პროგრამის;
აღიარებულ იქნას ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ;
მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას;
გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით;
გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში;
მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“.
„მეგობარი აქტის“ დამტკიცებაზე კონგრესის ქვედა პალატაში დებატები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 5 კონგრესმენი – 3 რესპუბლიკელი და 2 დემოკრატი: რესპუბლიკელი ბრაიან მასტი (ფლორიდა), დემოკრატი ჯონი ოშესკი (მერილენდი), დემოკრატი სტივ კოენი (ტენესი), რესპუბლიკელი ჯო უილსონი (სამხრეთ კაროლინ) და რესპუბლიკელი უორენ დევიდსონი (ოჰაიო). მათგან ოთხმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის მიღებას, ერთი კი, დევიდსონი, წინააღმდეგი იყო.
სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარედგინება, კონგრესის ზედა პალატამ – სენატმაც უნდა დაამტკიცოს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიმდინარე წლის 27 მარტს მას მხარი დაუჭირა.
კომენტარები