
პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად ლონდონის „არსენალი“ დაამარცხა 1:0, პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ განმეორებითი შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი „მატერიალური“ და ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ.
ანგარიში შეხვედრის დაწყებიდან მალევე გახსნეს სტუმრებმა – მე-4 წუთზე საჯარიმოსთან მყოფი ხვიჩა კვარაცხელიას კარგი გადაცემა უსმან დემბელემ შესანიშნავად გამოიყენა და ამ სეზონში თავისი 33-ე გოლი გაიტანა. ანგარიში 1:0 გახდა PSG-ის სასარგებლოდ და მატჩის ბოლომდე აღარც შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს ჰქონდა რამდენჯერმე მეტოქის კარის აღების რეალური შანსი. ანგარიშის გახსნიდან მალევე ხვიჩა „არსენალის“ მცველმა ტიმბერმა საჯარიმოში ხელით შეაჩერა და მსაჯს თავისუფლად შეეძლო, პენალტი დაენიშნა, მაგრამ ლონდონელები დაინდო. პირველ ტაიმში ხვიჩამ მაღალი შეფასება დაიმსახურა – 8,2.
მეორე ტაიმის მეორე წუთზე „არსენალის“ ნახევარმცველმა მიკელ მერინომ გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა.
მასპინძლების კარი ორჯერ ძელმა იხსნა, მეორე ტაიმის ბოლოსკენ კვარაცხელიას წამოწყებული შეტევა ბრედლი ბარკოლამ კარგად გააგრძელა, კარშიც დაარტყა, მაგრამ ძალიან მცირე მანძილით ააცილა. „პარი სენ-ჟერმენის“ კარი კი რამდენჯერმე მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ გადაარჩინა, რომელმაც, სულ ცოტა, 2 ბრწყინვალე, „სარეიტინგო“ მოგერიება ჩაიწერა თავის ანგარიშზე.
განმეორებითი შეხვედრა 7 მაისს გაიმართება პარიზის სტადიონ „პარკ დე პრენსზე“. მატჩი თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონა“ და „ინტერი“ დღეს, 30 აპრილს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ბარსელონაში, თბილისის დროით 23:00 საათზე.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები