იტალიასაზოგადოება

იტალიაში განგაშის წითელი ნიშნული ამოქმედდა – სტიქიამ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა (ვიდეო)

იტალიას, საფრანგეთსა და შვეიცარიას პარასკევს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. სტიქია, ძირითადად, ალპების რეგიონში მძვინვარებდა, სადაც უხვმა ნალექმა და ქარბუქმა რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონად იქცა. ყველაზე რთული ვითარება შეიქმნა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.

ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და კერძო მეურნეობები, მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. წყლის ქვეშ მოექცა საქალაქთაშორისო მაგისტრალები. სამაშველო სამსახურები, რეგიონის ქალაქებსა და დასახლებებში გაწმენდითი სამუშაოებს აწარმოებენ.

მედიის ცნობით, დაიტბორა ტერიტორიები პიემონტში, სამხრეთ ტიროლსა და ლომბარდიის რეგიონებში. ქალაქ ვალდანოში მოვარდნილმა წყალმა ავტომობილი წაიღო, რომელშიც მამა-შვილი იმყოფებოდა. ორივე მათგანი დაიღუპა. 92 წლის გარდაცვლილი მამაკაცი იპოვე პიემონტში ერთ-ერთ დატბორილ სახლში. 6 400-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა აოსტის ხეობაში (ვალ დ’აოსტა).

წყალდიდობის საფრთხის შესახებ გაფრთხილება ქვეყნის ას ქალაქში გამოცხადდა, დაზარალებულ რაიონებში კი განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული. საფრთხის გამო ასობით ადამიანს მოუწია საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება.

სახანძრო სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩატარდა ტურინის, ბიელის, ვერჩელის პროვინციებში. სტიქიის ზონაში მთელი ქვეყნიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასობით ბრიგადა გაიგზავნა.

ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა შვეიცარიის კურორტებსაც, შეფერხებები დაფიქსირდა სატელეფონო ქსელებზეც. კურორტ ცერმატისკენ მიმავალი გზა შტორმის გამო ჩაიხერგა.

ერთი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთის კურორტ ვალ-ტორანსში. ქალი ზვავში მოჰყვა და გულის შეტევით გარდაიცვალა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close