დღის თემამსოფლიოსაზოგადოება

საბერძნეთში აივნებიდან თიხის ქოთნებს ისვრიან… – როგორ ხვდებიან აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას

აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ამ დღისთვის ყველა ქვეყანა განსაკუთრებულად ემზადება. საქართველოში აღდგომას კვერცხებს წითლად ღებავენ, პასქებს აცხობენ და ლამაზად აფორმებენ. ამ ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად განსხვავებულად ემზადებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც (წელს, მოგეხსენებათ, კათოლიკურიც და მართლმადიდებლურიც აღდგომა ერთმანეთს ემთხვევა და 20 აპრილსაა – რედ.). 

მაგალითად,  საფრანგეთის ქალაქ ოქსში (Haux) სააღდგომოდ მთავარ მოედანზე 4500 კვერცხისგან  გიგანტურ ომლეტს ამზადებენ და ასობით ადამიანს უმასპინძლდებიან. ლეგენდის თანახმად,სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობისას ნაპოლეონი და მისი არმია დასასვენებლად სწორედ ამ ადგილას გაჩერდნენ. იმპერატორმა მოქალაქეებს სთხოვა, კვერცხები მოეტანათ და ომლეტი მოემზადებინათ. ტრადიცია სათავეს სწორედ ამ დროიდან იღებს.

„სმინგუს-დინგუსი“ – ასე ჰქვია ჰქვია პოლონურ სააღდგომო რიტუალს, რომლის დროსაც ადგილობრივები ერთმანეთს წყალს ასხამენ, რათა წარსული შეცდომებისგან გათავისუფლდნენ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყონ. ტრადიცია სათავეს მეთოთხმეტე საუკუნიდან იღებს. მიჩნეულია, რომ გოგონები, რომლებიც ამ დღეს წყლით დასველდებიან, წლის ბოლომდე პარტნიორს აუცილებლად იპოვიან და იქორწინებენ.

კათოლიკური ეკლესიის ცენტრში, ვატიკანში აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე გამართულ საკვირაო მესას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი მორწმუნე ესწრება. ამ დროს რომის პაპი ქრისტიანულ სამყაროს საზეიმოდ მიმართავს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობით სარგებლობს თამაში, რომელიც „ფერად კვერცხებზე” ნადირობის სახელით არის ცნობილი. ამ დროს მამაკაცები სააღდგომოდ შეღებილ კვერცხებს მინდორში მალავენ, ხოლო ქალები და ბავშვები მათი ძებნით არიან დაკავებულები. ამერიკელები აღდგომას შოკოლადის ბაჭიებითა და ფერადი კვერცხებით ხვდებიან.

გვატემალაში, არც მეტი, არც ნაკლები, დღესასწაულის წინა დღეს ქუჩაში ფერად ხალიჩებს აგებენ. მათ შესაქმნელად მოსახლეობა ყვავილებს, ხილსა და ბოსტნეულს იყენებს. ამბობენ, რომ ამით ისინი ღვთისადმი სიყვარულს, რწმენასა და აღდგომის სიხარულს გამოხატავენ.

ფლორენციის მაცხოვრებლები ყოველ წელს სკორპიო დელ კაროს, იგივე „ეტლის აფეთქებას” აღნიშნავენ. დეკორატიულ ეტლს, რომელიც ფეიერვერკებითაა სავსე, მეთხუთმეტე საუკუნის სამოსში გამოწყობილი მოსახლეობა ქალაქის ყველა ქუჩაში დაატარებს. სააღდგომო წირვის შემდეგ კი, ფლორენციის მთავარეპისკოპოსი მას ცეცხლს უკიდებს. ადგილობრივების თქმით, ეს სააღდგომო ტრადიცია კარგი მოსავლის საწინდარია.

წითელ პარასკევს ისრაელში მორწმუნეები იმ გზას გადიან, რომელიც ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. მსვლელობის ზოგიერთ მონაწილეს ხის ჯვარი მიაქვს. კვირა დღეს ისინი აღდგომის ტაძარში საეკლესიო მსახურებას ესწრებიან, სადაც, გადმოცემის თანახმად, ჯვარცმის შემდეგ იესო დაკრძალეს.

განსხვავებული სააღდგომო ტრადიციების მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით ადამიანები ამ დღესასწაულს მოუთმენლად ელიან და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს სიხარულით ზეიმობენ.

 

წყარო: primetime.ge

p. s. (nostal.ge):  საბერძნეთის კუნძულ კორფუზე დიდ შაბათს მოსახლეობა აივნებიდან თიხის ქოთნებს ყრის, დიდებს თუ პატარებს, ზოგჯერ წყლით სავსესაც. დგას ერთი მსხვრევა-მტვრევა. ეს სამზარეულოს ბატალიებს კი არა, ბიბლიურ სიუჟეტს უკავშირდება: როდესაც მარია მაგდალელმა იესო ქრისტეს ცარიელი სამარხი ნახა, მოულოდნელობისგან ხელიდან გაუვარდა თიხის ქოთანი, რომელიც ნელსაცხებლით იყო სავსე. იგი მიხვდა, რომ ძე ღვთისამ სიკვდილი დაამარცხა და აღდგა. ბერძნებს სჯერათ, რომ ეს რიტუალი მათ ოჯახებს ბოროტ სულებს აარიდებს და პრობლემებისგან დაიცავს.

აღდგომა და ძველი ქართული ტრადიციები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close