
ოპერაცია, სახელწოდებით „ციებ-ცხელება“, რომელიც მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, ესპანეთის გარდა, ევროპის კიდევ თერთმეტ ქვეყანაში ჩატარდა, 166 ადამიანის დაპატიმრებით, 774 სახლის ჩხრეკით, 6000 ელექტრონული მოწყობილობისა და ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი 594 000-ზე მეტი ფოტო და ვიდეოფაილის ამოღებით დასრულდა.
ოპერაცია ჩატარდა, აგრეთვე, დანიაში, ესტონეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ირლანდიაში, ლატვიაში, რუმინეთში, შვედეთში, ბულგარეთსა და პოლონეთში. მას, ევროპოლთან და J-CAT-თან (კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთობლივი სამოქმედო ჯგუფი) ერთად, პოლონეთის პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ოფისი ხელმძღვანელობდა.
ინტერნეტის საშუალებით ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ევროპის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში სამოქალაქო გვარდიამ ათი პირი დააკავა. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებები განხორციელდა პონტევედრაში, გიპუსკოაში, ხაენში, ჟირონაში, მალაგაში, ბარსელონაში, ლას-პალმასსა და კორდობაში.
ოპერაცია „ციებ-ცხელებაში“, ასევე, ჩართული იყვნენ ამერიკული საერთაშორისო სააგენტოები, როგორიცაა: გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI), შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი (HSI) და დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრი (NCMEC). ესპანეთის პოლიცია ამ ოპერაციას ინტერნეტის საშუალებით ბავშვებზე სექსუალური მოძალადეების საერთაშორისო ქსელებისთვის მიყენებულ „სერიოზულ დარტყმას“ უწოდებს და ხაზს უსვამს ამ ოპერაციის მასშტაბს, კერძოდ კი, იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო კრიმინალთან ერთობლივ ბრძოლაში 12 ქვეყანა იყო ჩართული.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები