
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში პარიზში, სტადიონ Parc des Princes-ზე „ასტონ ვილა“ დაამარცხა ანგარიშით 3:1 და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ.
შეხვედრა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ლუის ენრიკემ იგი მხოლოდ მაშინ შეცვალა, როდესაც მსაჯის მიერ მეორე ტაიმზე დამატებული 3 წუთიდან 30 წამიღა იყო დარჩენილი – ლუის ენრიკეს აშკარად სურდა, რომ კვარა სტადიონზე შეკრებილ ფანებს მოედნიდან ოვაციებით გაეცილებინათ, რაც მან ნამდვილად დაიმსახურა. ხვიჩამ პირველ ტაიმში ორი სახიფათო მომენტი შექმნა, მეორე ნახევარში კი ბრწყინვალე გოლი გაიტანა და მთელი მატჩის განმავლობაში საუკეთესო იყო მოედანზე.
პირველ ტაიმში „პარი სენ-ჟერმენის“ უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა, გუნდი დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ „ასტონ ვილამ“ ნუნუ მენდეშის შეცდომის შემდეგ 35-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და საჯარიმოში იური ტილემანსის გადაცემა მორგან როჯერსმა გოლით დააგვირგვინა, რამაც ბირმინგემული გუნდის ფანებთან ერთად პრინცი უილიამიც ძალიან გაახარა, რომელიც მატჩს თავის ვაჟთან ერთად ესწრებოდა, თუმცა ფრანგებმა სწრაფად შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. 39-ე წუთზე 19 წლის დეზირე დუემ წონასწორობა ბრწყინვალე გოლით აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 49-ე წუთზე კი კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი უმაღლესი კლასი – ცრუ მოძრაობებით ორი მცველი ჩამოიშორა, მარცხენა ფეხით დაარტყა მეკარისაგან ახლო მაღალ კუთხეში და დიდებული გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლის გატანა შეძლო.
90-ე წუთზე კი ნუნუ მენდეშმა სრულად „გამოისყიდა დანაშაული“, „ასტონ ვილას“ ვარსკვლავურ მეკარეს – ემილიო მარტინესს შანსი არ დაუტოვა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ასტონ ვილას“ შორის 15 აპრილს ბირმინგემში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და უეფას სპეციალური ჯილდოც გადაეცა.
კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, აგრეთვე, ორმა ანალიტიკურმა პორტალმა – Whoscored-მა და Sofascore-მა. პირველმა მას 8.8 ქულა დაუწერა, მეორემ – 8,7 ქულა.
ნუცა ყაველაშვილი
ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები.
კომენტარები