ისტორიაკულტურასაბერძნეთისაქართველო

30 მარტს ათენში გაიმართება ჩვენება ფილმისა „მანიდან სვანეთამდე“

კვირას, 30 მარტს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართება ჩვენება დოკუმენტური ფილმისა „მანიდან სვანეთამდე“. პროექტის იდეის ავტორი და პროდიუსერია ნინო ბაჯელიძე, რეჟისორი – შალვა შენგელი, სცენარის ავტორი – ლელა შენგელი.

ორენოვანი (ქართულ-ბერძნული) დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღება საბერძნეთსა და საქართველოში მიმდინარეობდა გასული წლის თებერვლიდან, ძალიან საინტერესო კულტურულ ფენომენზე – საქართველოს და საბერძნეთის ორი გამორჩეული რეგიონის საოცარ არქიტექტურულ და ეთნოგრაფიულ მსგავსებაზე მოგვითხრობს. პროექტის იდეის ავტორისა და პროდიუსერის, ნინო ბაჯელიძის თქმით, მას შემდეგ, რაც საბერძნეთში ცხოვრებისას მანი მოინახულა და სვანეთთან მსგავსება აღმოაჩინა, გაუჩნდა სურვილი, ფილმი გადაეღო ამ თემაზე. და აი, გასულ წელს ამ ჩანაფიქრის განხორციელება შეძლო საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების ფინანსური მხარდაჭერით.

საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, ლაკონიის მხარის სამხრეთით მდებარე ისტორიული ოლქი მანი ცნობილია თავისი კოშკებით, რომლებიც საოცრად ჰგავს სვანურ კოშკებს როგორც ფორმით, ისე დანიშნულებით. ქვის მაღალ, მრავალსართულიან ნაგებობებს მანის მაცხოვრებლები მტრის თავდასხმებისა და მეკობრეებისგან თავის დასაცავად აშენებდნენ. მანის კოშკების სიმაღლე 20 მეტრს აღწევს. 

მანის და სვანეთის კოშკების ეს საოცარი მსგავსება ავსტრიელ-ამერიკელი მწერლის, არქიტექტორისა და დიზაინერის, ბერნარდ რუდოფსკის წიგნში „არქიტექტურა არქიტექტორის გარეშე“ (“Architecture without Architects”) პირველად გასული საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინა ბერძენმა მკვლევარმა, არქიტექტორმა და ეთნოგრაფმა იანის საიტასმა.

სვანური კოშკების ფოტო ბერნარდ რუდოფსკის წიგნში „არქიტექტურა არქიტექტორების გარეშე“

დოკუმენტური ფილმი „მანიდან სვანეთამდე“, რომლის ქრონომეტრაჟი 55 წუთია, ძალიან საინტერესო მრავალფეროვან ინფორმაციას გვაცნობს. თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ როგორც ბერძენი, ისე ქართველი ეთნოგრაფები, არქიტექტორები, ისტორიკოსები, მეცნიერები…

ფილმის  ჩვენება ათენში ადგილობრივი დროით 16:00 სთ-ზე გაიმართება საქართველოს საელჩოსა და Webster Unuiversity-ს ეგიდით.

მისამართი: ათენი, პლაკა, მარკუს ავრელიუსის N5.

დასწრება თავისუფალია.

საქართველოში სრულმეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმის „მანიდან სვანეთამდე“ ჩვენება უკვე მოეწყო „კინოს სახლში“ და მეცნიერებათა აკადემიაში და სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: მანი – სვანური კოშკების ბერძნული ანალოგების სამშობლო (ფოტო)

მანი – სვანური კოშკების ბერძნული ანალოგების სამშობლო (ფოტო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close