ესპანეთში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა (ვიდეო)

ქალაქ ტოლედოს მერის, კარლოს ველასკესის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ქუჩას UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონის – ილია თოფურიას სახელი მიენიჭა.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას თავად ილია ესწრებოდა – მას ერგო პატივი, ისტორიული ქალაქის მისი სახელობის ქუჩის დასახელების აღმნიშვნელი ახალი აბრა პირადად გაეხსნა.
„ჩემთვის პრივილეგიაა, როცა ისეთი ქალაქი, როგორიც ტოლედოა, ასე მაფასებს. აქაურობასთან ბევრი ემოცია მაკავშირებს, რადგან აქ რთული გზა გავიარე და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ“, – განაცხადა ილია თოფურიამ.
28 წლის ქართველმა მებრძოლმა UFC-ს საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ოქტომბერში კი წარმატებით დაიცვა. მიმდინარე წლის დასაწყისში თოფურიამ განაცხადა, რომ ქვემსუბუქ დივიზიონს ტოვებს და ასპარეზობის გაგრძელებას მსუბუქ დივიზიონში (70 კგ) აპირებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ მეტსახელი შეიცვალა. ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან მას „ლეგენდა“ (La Leyenda) ერქმევა.
ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. 2015 წელს პროფესიონალთა შორის მისი დებიუტი შედგა. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მადრიდის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ბრუნეტეში ნიკო შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ქართული წარმოშობის ძიუდოისტი ისტორიაში პირველი ესპანელი გახდა, რომელმაც მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. საინტერესოა, რომ ქუჩის სახელის აღმნიშვნელ დაფაზე შერაზადიშვილის გვარი შემოკლებულად წერია: „ნიკო შერას ქუჩა“.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს თმობს – რა არის მიზეზი?
ასევე, დაგაინტერესებთ: როგორ დახვდნენ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ესპანეთში
კომენტარები