
დღეს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში – გრან სლემზე საქართველოს ნაკრების 14 წარმომადგენელი ასპარეზობდა, მათგან 3-მა ძიუდოისტმა მიაღწია წარმატებას და ჩვენს ნაკრებს 3-ვე სინჯის მედალი მოუტანა – ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო.
ფინალში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფრანგი მარტა ფავაზი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ეთერი თავიდან 0:12-ს აგებდა, თუმცა ამან იგი ვერ გატეხა, ძირითადი დროის დასრულებამდე ვაზარი და 3 იუკო მოიგო და მეტოქეს 13:12 სძლია.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა საქართველოს ნაკრების წევრი ნინო ლოლაძე, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ძლიერი გერმანელი ძიუდოისტი შტარკი დაამარცხა იპონით.
თემურ ნოზაძემ კი, რომელმაც ცოტა ხნის წინ წონა შეიცვალა და პირველად იასპარეზა 66 კგ-ში, ფინალური შეხვედრა დათმო ნეიტრალური დროშით მოჭიდავე 22 წლის ჩერქეზ აბრეკ ნაგუჩევთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ნუცა ყაველაშვილი
p. s. თბილისის გრან სლემი ძიუდოში 21 მარტს დაიწყო და 23 მარტს დასრულდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ვაჟები:
-60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი;
-66 კგ – თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე;
-73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე;
-81 კგ – ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმერ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი;
-90 კგ – ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი (თავდაპირველ განაცხადში ლაშა ბექაური იყო, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბექაურის ნაცვლად 90 კგ-ში სოსო ებილაშვილი იჭიდავებდა);
-100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი;
+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.
გოგონები:
-48 კგ – ჯულიეტა როდონაია;
-52 კგ – ანანო მორგოშია, თამარ სუხიაშვილი;
-57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური;
-63 კგ – ეთერ ასკილაშვილი, გვანცა მჭედლიშვილი;
-70 კგ – მარიამ ჭანტურია;
+78 კგ – სოფიო სომხიშვილი.
კომენტარები