
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინის და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის წარმოუდგენელი სკანდალით დასრულებაზე მთელი მსოფლიოს მედია იუწყება. „ტრამპმა ზელენსკი გამოაგდო“, – წერს გერმანული ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი. სახელმწიფო ვიზიტი კონტროლიდან გამოვიდა; ტრამპი ზელენსკის ამერიკისადმი „უპატივცემულობაზე“ მიუთითებს, „თქვენ რისკავთ მესამე მსოფლიო ომის დაწყებას“; „არანაირი შეთანხმება წიაღისეულზე“, – წერს გამოცემა.
„ისინი ცდილობენ, ერთობლივად იპოვონ გამოსავალი უკრაინაში მიმდინარე ომიდან, რომელიც უკვე სამი წელია გრძელდება, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში სკანდალით სრულდება, რომლის მსგავსი მსოფლიოს არ უნახავს. თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ცხარე კამათის შემდეგ დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგას უაპელაციოდ აგდებს თავისი რეზიდენციიდან. არანაირი შეთანხმება მინერალებზე, არანაირი პრესკონფერენცია, არანაირი ერთობლივი სადილი.
საუბარი გვიან იწყება და ხელის ჩამორთმევისთანავე ტრამპი ზელენსკის სულელურ შენიშვნას აძლევს: „ის დღეს მეტისმეტად გამოიპრანჭა“, – „კბენს“ ტრამპი სტუმარს შეკრებილი ჟურნალისტების წინაშე, შემდეგ ზელენსკის თეთრ სახლში უბიძგებს და თავის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან ერთად უხერხულ მდგომარეობაში აგდებს.
ტრამპი კამერების წინაშე ამცირებს თავის კოლეგას დამამცირებელი გამოთქმებით ზელენსკისა და ოკუპირებული უკრაინის მისამართით. სიტუაცია მწვავდება.
აზრთა გაცვლა-გამოცვლისას ამერიკელი პრეზიდენტი სტუმრისგან მოითხოვს „მადლიერებას“ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გაუწია რუსეთთან ბრძოლაში. თეთრ სახლში ცხარე დებატები მიდის.
ტრამპი ხმამაღლა მოძღვრავს თავის კოლეგას კამერების წინ: „თქვენ რისკის ქვეშ აყენებთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. თქვენ რისკავთ, რომ მესამე მსოფლიო ომს გააჩაღებთ“.
თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან პირდაპირ ტრანსლაციაში ჩანს, რომ ზელენსკის მკერდზე ხელები აქვს გადაჯვარედინებული მაშინ, როდესაც ტრამპი შეუჩერებლივ ელაპარაკება და აწყვეტინებს უკრაინის პრეზიდენტს, როდესაც ის ცდილობს, რამე კომენტარი გააკეთოს.
ტრამპმა ზელენსკის გაძევებას აგრესიული პოსტი მოაყოლა სოციალურ ქსელში
უპრეცედენტო კამათი ყველა შესაძლო დასასრულიდან ყველაზე უარესით დასრულდა: ტრამპმა ზელენსკი გამოაძევა და დაგეგმილზე ადრე დაასრულა შეხვედრა, რომელიც 2 საათის ნაცვლად 45 წუთს გაგრძელდა. დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენციაც გაუქმდა.
შემდეგ უკვე ტრამპი ზელენსკის დამცირებას თავის პლატფორმა Truth Social-ზე აგრძელებს.
ის უკრაინის პრეზიდენტზე ამბობს: „მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება“, – წერს „ბილდი“.
ოვალურ კაბინეტში კონფლიქტის ესკალაციამდე ზელენსკიმაც გამოთქვა თავისი აზრი: მან ტრამპს უჩვენა უკრაინელი სამხედროების ფოტოსურათები, რომლებიც რუსებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. ფოტოებზე ტყვეებს მაისურები არ აცვიათ და ჩანს, რომ ისინი ძლიერ არიან გამოფიტულები. ტრამპზე ფოტოებს არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მას რაიმე ემოცია არ დასტყობია.
„არავითარი კომპრომისი მკვლელთან!“
კრემლის ტირან ვლადიმირ პუტინზე საუბრისას, რომელიც ზელენსკისთან შეხვედრამდე ტრამპმა მოლაპარაკებებში „საიმედო პარტნიორად“ დაახასიათა, ზელენსკიმ მოუწოდა ამერიკის პრეზიდენტს, „არ წავიდეს კომპრომისებზე მკვლელთან“. მან თქვა, რომ უკრაინას სჭირდება არა უბრალოდ „ცეცხლის შეწყვეტა“, რადგან პუტინმა „უკვე 25-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“.
წინა დღით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტრამერთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა პუტინზე თქვა: „მჯერა, რომ ის თავის სიტყვას შეასრულებს“. „მე ვისაუბრე მასთან, მე მას დიდი ხანია ვიცნობ“. პრესის წარმომადგენლების კითხვაზე, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სავარაუდოა თუ არა, რომ პუტინი (რუსეთი) ისევ დაესხმება თავს უკრაინას, ტრამპმა უპასუხა: „არა, მე ასე არ ვფიქრობ“.
ოვალურ კაბინეტში 45-წუთიანი შეხვედრის ბოლოს ზელენსკის, ტრამპსა და ჯეი დი ვენსს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვენსმა ზელენსკი დაადანაშაულა იმაში, რომ უკრაინის პრეზიდენტი უპატივცემულობას გამოხატავს აშშ-ისა და ტრამპის მიმართ. „ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, უპატივცემულობაა, რომ მოხვედით თეთრ სახლში და საქმის გარჩევას ცდილობთ ამერიკული მედიასაშუალებების წინაშე“, – უთხრა ზელენსკის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
როდესაც ზელენსკიმ შეპასუხება დააპირა, ტრამპმა გააწყვეტინა და თქვა: „თქვენ არ ხართ საუკეთესო მდგომარეობაში. ახლა თქვენ არ გაქვთ კოზირები… თქვენ თამაშობთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით… თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით … თქვენ მადლობლები უნდა იყოთ. ადამიანები კვდებიან, თქვენ არ გყოფნით სამხედროები, თქვენ არ შეგიძლიათ ჩვენ გვითხრათ, მე მინდა ან არ მინდა ომის შეწყვეტა“.
მინერალებზე შეთანხმებისთვის მხარეებს ხელი არ მოუწერიათ
თეთრ სახლში მომხდარ სკანდალამდე ბევრი მიუთითებდა პრობლემაზე ორიენტირებულ გადაწყვეტაზე, როდესაც ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულება უკრაინის მინერალური რესურსების ერთობლივი გამოყენების თაობაზე. გარიგება, რომელსაც ტრამპმა წინასწარ უწოდა „ძალიან სამართლიანი“ და რომელზეც ზელენსკიც დათანხმდა.
მხოლოდ გარიგების შესახებ დოკუმენტი, რომლის შემოსავლებიც ერთობლივ ფონდში უნდა წასულიყო, ხელმოუწერელი დარჩა თეთრ სახლში მომხდარი სკანდალის შემდეგ. ტრამპი შეთანხმებას განიხილავს, როგორც „სამსახურს სამსახურისთვის“ – უკრაინისგან ვალის დაბრუნებას ვაშინგტონის მიერ უკვე გაწეული სამხედრო დახმარებისთვის.
სანამ სკანდალი მოხდებოდა, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს დოკუმენტი გახდება „აშშ-ის დიდი ვალდებულება“: „ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შესაძლებლობას, რომ დავიწყოთ თხრა, თხრა, თხრა და მუშაობა, რომ მივიღოთ წიაღისეულის იშვიათი ლითონები“. ზელენსკიმაც, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ „ეს დოკუმენტი გახდება წინ გადადგმული ნაბიჯი უკრაინისთვის“.
Fox News-ის ინფორმაციით, ზელენსკის თეთრი სახლი თავისი ინიციატივით არ დაუტოვებია, ის შენობიდან გააძევეს მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დელეგაცია „იხვეწებოდა“ შეხვედრის გაგრძელებას. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა მას უთხრა, რომ „წასულიყო“.
და თეთრი სახლიდან გამოსულ ზელენსკის „ფეხებში მიაყოლა“ პოსტი თავის სოციალურ ქსელში:
„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა თეთრ სახლში. ბევრი რამე გავიგეთ, რის გაგებაც შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა საუბარი ასეთი ზეწოლის ქვეშ და ასეთ პირობებში. საოცარია, როგორი რამეები გამოდის სააშკარაოზე ემოციების და მე მივედი დასკვნამდე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ მასში მონაწილეობს ამერიკა, რადგან ის ფიქრობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში. თუმცა მე არ მინდა უპირატესობები, მე მსურს მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოიჩინა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის წმინდა ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება“.
საერთაშორისო რეაქცია
სკანდალს თეთრ სახლში მძაფრი რეაქცია მოჰყვა მთელ მსოფლიოში.
პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) უკრაინულ და ინგლისურ ენებზე აქვეყნებს ზელენსკისადმი მიმართვას ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი: „თქვენი ღირსება პატივს მიაგებს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი. თქვენ მარტო არასდროს ხართ, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის”.
Your dignity honors the bravery of the Ukrainian people.
Be strong, be brave, be fearless.
You are never alone, dear President @ZelenskyyUa.We will continue working with you for a just and lasting peace.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 28, 2025
„უკრაინა ევროპაა! ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ აგრესორის მოგერიების გაგრძელება. დღეს მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავისუფალ მსოფლიოს ახალი ლიდერი ესაჭიროება. და ეს გამოწვევა ჩვენ, ევროპელებმა უნდა მივიღოთ“, – ეს კი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის – კაია კალასის სიტყვებია.
Ukraine is Europe!
We stand by Ukraine.We will step up our support to Ukraine so that they can continue to fight back the agressor.
Today, it became clear that the free world needs a new leader. It’s up to us, Europeans, to take this challenge.
— Kaja Kallas (@kajakallas) February 28, 2025
უკრაინის გვერდში დგომის და მხარდაჭერის მზადყოფნას ერთმანეთის მიყოლებით გამოთქვამენ ევროპის სახელმწიფოების ლიდერები – ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი (გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი, რომელიც უახლოეს მომავალში გერმანიის ახალი კანცლერი გახდება), ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი; უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ ჩეხეთი, ლიეტუვა, ფინეთი, ლატვია, ესტონეთი, კანადა და სხვ. ტრამპს აკრიტიკებენ ამერიკელი სენატორები და არა მარტო დემოკრატები, ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელებიც, ნაწილი რესპუბლიკელი სენატორებისა კი მას მხარდაჭერას უცხადებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თეთრ სახლში მომხდარი სკანდალის შემდეგ დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებით, კირ სტარმერის „მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებაზე დაფუძნებული მდგარი მშვიდობისკენ მიმავალი გზა იპოვოს“.
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა კი სოციალურ ქსელში დაწერა: „უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინა და ამერიკა ერთ მხარეს არიან“. მისი თქმით, ცივი გონებით უნდა მიუდგნენ საკითხებს და პირველი, რაც უნდა გააკეთონ, მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაა.
რაც შეეხება ზელენსკის, მან თეთრი სახლის დატოვების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „მადლობა ამერიკა, მადლობა შენი მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის, მადლობა დონალდ ტრამპს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება მხოლოდ ხანგრძლივი მშვიდობა და სწორედ ამაზე ვმუშაობთ“.
ნანა ძნელაძე
გერმანიას სურს, საკუთარი ბირთვული პოტენციალი შექმნას ტრამპის პოზიციის გამო რუსეთთან დაკავშირებით
კომენტარები