ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის რეკორდსმენი გახდა
ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის რეკორდსმენი გახდა. ეს აღიარება მან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების მიხედვით დაიმსახურა. რეკორდის რეგისტრაციის პროცესი საქართველოს რეკორდების ფედერაციის შუამდგომლობით განხორციელდა.
3 თებერვალს საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც ქალბატონ ნინოს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადასცა საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ნინო სალუქვაძეს დიდი აღიარება მიულოცეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის სამინისტროს, სეოკ-ის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სროლის სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სპორტსმენები, ნინო სალუქვაძის ოჯახის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.
ნინო სალუქვაძეს 1988 წლიდან დღემდე ზედიზედ 10 ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული და სხვადასხვა დროს სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ მას ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული: სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიმსახურა.
კომენტარები