მსოფლიოპოლიტიკაnews

მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთი განკარგულება შეაჩერა

ფედერალურმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 3 ტრილიონი დოლარის ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვა.

კოლუმბიის ოლქის საოლქო და სააპელაციო მოსამართლე ლორენ ლ. ალიხანმა თეთრი სახლის განკარგულება ყველა ფედერალური გრანტისა და სხვა სახელმწიფო დახმარების 90 დღით შეჩერების თაობაზე მის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაბლოკა. ალიხანმა ამ გადაწყვეტილებით რამდენიმე უფლებადამცველი ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციის, მცირე ბიზნესის მფლობელისა და ჯანდაცვის სპეციალისტთა ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა. თეთრი სახლის ადმინისტრაცია განკარგულების მიღების აუცილებლობას იმით ასაბუთებდა, რომ უნდა შემოწმდეს, რამდენად შეესაბამება ფედერალური დახმარების პროგრამები ტრამპის პოლიტიკის პრიორიტეტებს. ამასთან, როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო დაფინანსების დროებითი პაუზა არ შეეხება სასურსათო ტალონებსა და სოციალურ დახმარებებს.

მოსამართლის მიერ განკარგულების შეჩერება ორშაბათამდე, 3 თებერვლამდე გაგრძელდება, როდესაც მორიგი სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. მანამდე ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუძლია შეაჩეროს გადახდები იმ  სახელმწიფო დახმარების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც აშშ-ის კონგრესმა უკვე დაამტკიცა.

მოსამართლე ლორენ ალიხანის აზრით, თეთრი სახლის განკარგულება შეიცავს რისკს, რომ მის ამოქმედებას გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვეს.

„მთავრობისთვის უცნობია იმ პროგრამების სრული მოცულობა, რომლებსაც გაყინვა შეეხება“, – აღნიშნა მოსამართლემ.

ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის გადაწყვეტილება, სხვა თემებთან ერთად, ეხება საუნივერსიტეტო გრანტებს, მცირე ბიზნესის სესხებს, გარემოს დაცვის პროექტებს, გენდერული მრავალფეროვნების მხარდაჭერას.

ცნობისთვის, განკარგულება, რომელიც 90 დღით აჩერებს ყველა საგარეო დახმარების პროგრამას, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 25 იანვარს გამოსცა.

ნანა ძნელაძე

შეგახსენებთ, რომ ფედერალურმა მოსამართლემ, აგრეთვე, შეაჩერა ტრამპის განკარგულება დაბადებით მოქალაქეობის უფლების შეზღუდვის შესახებ.

მოსამართლემ შეაჩერა ტრამპის განკარგულება დაბადებით მოქალაქეობის უფლების შეზღუდვის შესახებ – „არაკონსტიტუციურია!“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close