„მილანს“ ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილის, საბა გოგლიჩიძის დამატება სურს – რა თანხის გადახდას აპირებს ტოპკლუბი (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიის სერია A-ს საფეხბურთო კლუბ „ემპოლის“ მცველის – საბა გოგლიჩიძის დამატება „მილანს“ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
Football Italia დეტალებს აზუსტებს და წერს, რომ „ემპოლი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს. „მილანი“ თანახმაა, გადაიხადოს ეს თანხა და სეზონის ბოლომდე გოგლიჩიძე „ემპოლიში“ იჯარის წესით ექვსი თვე დატოვოს. მოთამაშეზე დიდი კონკურენციის გამო კლუბი 20 წლის ცენტრალური მცველის ყიდვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში გეგმავს.
„დიდი შანსია გოგლიჩიძისთვის ბრძოლაში „ინტერი“ და „იუვენტუსიც“ ჩაერთონ, რადგან სეზონის მიმდინარეობისას საბას შესახებ „ემპოლისგან“ ინფორმაცია რამდენჯერმე გამოითხოვეს“, – წერს Geo Team-ი.
20 წლის ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია, საიდანაც „ემპოლის“ ზუსტად ერთი წლის წინ ნახევარ მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად შეუერთდა.
საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 16 მატჩი ჩაატარა და თავის კარგად წარმოჩენა შეძლო. ავტორიტეტული გერმანული პორტალის, Transfermarkt-ის ინფორმაციით, გოგლიჩიძის საბაზრო ღირებულება ერთ წელიწადში 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
თუ ტრანსფერი შედგება, ამით „ტორპედოც“ იხეირებს, რადგან ფიფა-ს წესით, 23-წლამდე ფეხბურთელის ტრანსფერის შემთხვევაში, თავის წილს მიიღებს ყველა ის საფეხბურთო აკადემია და კლუბი, სადაც ფეხბურთელი გაიზარდა, ვარჯიშობდა და თამაშობდა.
აქ ლაპარაკია სოლიდარობის თანხაზე, რაც სატრანსფერო ფასის 5%-ს შეადგენს. Geo Team-ის ცნობით, გოგლიძიჩის შემთხვევაში ქუთაისურ კლუბს 450 ათასი ევრო ეკუთვნის.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები