დეკემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.2%-ით ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, გზავნილების მოცულობის შემცირება განაპირობა რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 56%-ით კლებამ, რაც, თავის მხრივ, მიგრაციული ეფექტის მილევაზე მეტყველებს. სამაგიეროდ გაზრდილია ფულადი გზავნილები აშშ-იდან და იტალიიდან.
გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის მსგავსად, დეკემბერშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 19.38%) ფულადი გზავნილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა – 55.32 მლნ დოლარი, რაც 18.44%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (17.84%), საიდანაც გასულ თვეში 50.91 მლნ დოლარი გადმოირიცხა – ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.38%-იანი მატებაა.
2024 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით
ფულადი გზავნილების მოცულობები მოწმობს, რომ უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ემიგრანტების ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების თვალსაზრისით, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს მსოფლიო რეიტინგში 24-ე ადგილი უკავია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კი – მეორე ადგილი მხოლოდ სომხეთის შემდეგ. 2022 წელს ფულადი გზავნილების წლიურმა მაჩვენებელმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 16% შეადგინა.
ნანა ძნელაძე
კომენტარები