საბერძნეთი: მძარცველმა დანით კურიერი დაჭრა და ფული გაიტაცა (ვიდეო)
საბერძნეთის პოლიცია ΔΙΑΣ ეძებს დამნაშავეს, რომელმაც ოთხშაბათს, 13 ნოემბერს შეიარაღებული ძარცვის დროს სხეულის დაზიანება მიაყენა ფულის გადატანის სამსახურის თანამშრომელს.
ყაჩაღობა დღეს, დილის 9 საათზე მოხდა საბერძნეთის ქალაქ ტრიკალის ცენტრალურ რაიონში. CNN Greece-ის ინფორმაციით, მუქ ტანსაცმელში ჩაცმული პირი 25 მარტის (25ης Μαρτίου) ქუჩაზე მდებარე თამბაქოს მაღაზიის მახლობლად იმყოფებოდა.
როდესაც ჯავშანმანქანა მოვიდა, რომელსაც ფული გადაჰქონდა, ორი თანამშრომელი გადმოვიდა ბანკომატის შესავსებად, ამ დროს უცნობი პირი ერთ-ერთ კურიერს თავს დაესხა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა: ორჯერ ზურგში დაარტყა, ერთხელ – დუნდულში. ამის შემდეგ თავდამსხმელმა მას ფულის ორი მოზრდილი შეკვრა გასტაცა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.
დაჭრილი EKAB-ის სასწრაფო დახმარების მანქანით ტრიკალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამცავი ჟილეტის წყალობით ზურგზე დანით მიყენებული ჭრილობები ღრმა არ აღმოჩნდა, ამიტომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მოგვიანებით გავრცელდა სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, როგორ ესხმის თავს უცნობი პირი კურიერს და დანას ურტყამს.
მძარცველმა სოლიდური თანხა გაიტაცა და მიიმალა. სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ეს „პროფესიონალური“ ძარცვა იყო და არა შემთხვევითი ინციდენტი. პოლიცია მობილიზებულია დამნაშავის მოსაძებნად და დასაკავებლად.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები