ვიდეოსპორტი

„ნაპოლიმ“ „ინტერთან“ სტუმრად ფრედ ითამაშა და ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს (ვიდეო)

10 ნოემბერს მილანის „სან-სიროს“ სტადიონზე გაიმართა იტალიის ჩემპიონატის მორიგი, მე-12 ტურის მთავარი მატჩი ბოლო ორი სეზონის ჩემპიონებს – მოქმედ ჩემპიონ „ინტერსა“ და სატურნირო ცხრილის ლიდერ „ნაპოლის“ შორის. 

შეხვედრის პირველ ტაიმში ანგარიში „ნაპოლის“ შოტლამდიელმა ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ გახსნა, რომელმაც კუთხურის გათამაშების შემდეგ შეძლო იან ზომერის კარის აღება. ტაიმის მიწურულს კი, 43-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს – მეტოქის კარი ბრწყინვალე დარტყმით ჰაქან ჩალჰანოღლუმ აიღო.

მეორე ტაიმში ბრძოლა ისევ დაძაბულად წარიმართა, მასპინძლებს უპირატესობა ჰქონდათ ბურთის ფლობის და მწვავე მომენტების შექმნის კუთხით, თუმცა მეკარე ალექს მერეტი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მან რამდენჯერმე თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. 74 წუთზე მსაჯმა „ნაპოლის“ კარში 11-მეტრიანი დანიშნა, თუმცა დღეს იღბალი აშკარა ნეაპოლელების მხარეზე იყო  – ჰაქან ჩალჰანოღლუმ ამჯერად თავისი შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს მოარტყა.

შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო წუთზე ჯოვანი სიმეონეს ჰქონდა გოლის გატანის რეალური შანსი, თუმცა ბურთი კარს ააცილა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

12 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 26 ქულა აქვს და კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია. მას ერთი ქულით ჩამორჩება 4 გუნდი: „ატალანტა“, „ფიორენტინა“, „ინტერი“ და „ლაციო“, რომლებსაც 25-25 ქულა აქვთ.

იტალიის სერია A-ში მოთამაშე მეორე ქართველი ლეგიონერის – საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“, რომელმაც  მე-12 ტურის შეხვედრა სტუმრად „ლეჩესთან“ ასევე ფრედ ითამაშა 1:1, სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა 15 ქულით.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close