მსოფლიოსაზოგადოება

ვალენსიაში ხალხმა ტალახი ესროლა მეფე ფელიპე VI-ს და პრემიერ-მინისტრ სანჩესს (ვიდეო)

ვალენსიის რეგიონის ქალაქ ტორენტში მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ესპანეთში ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისათვის 217-ს მიაღწია. ყველაზე მეტი, 213 ადამიანია დაღუპული ვალენსიაში, კასტილია ლა მანჩაში დაიღუპა სამი, ანდალუსიაში კი – ერთი ადამიანი. ხელისუფლება საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება, რადგან გასული სამშაბათის ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ესპანეთის მეფე ფელიპე დედოფალ ლეტიციასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან და ვალენსიის რეგიონის მთავრობის მეთაურთან, კარლოს მასონთან ერთად ვალენსიაში წყალდიდობით ძლიერ დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში ჩავიდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.მოსახლეობა ხელისუფლებას წინასწარი გაფრთხილების სისტემის არარსებობასა და არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.

მედიის ინფორმაციით, მოქალაქეები სკანდირებდნენ: „მკვლელებო, მკვლელებო!“ და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს და ტალახს ისროდნენ.

პრემიერს ვიღაცის ნასროლი ჯოხი მოხვდა და მისი სასწრაფო ევაკუაცია განახორციელეს. მასონმაც მალე დატოვა იქაურობა, მონარქმა და დედოფალმა ლეტიციამ მოსახლეობასთან გასაუბრება სცადეს, თუმცა მათაც ტალახის ბელტები დაუშინეს. მხლებლები მონარქის დაცვას ქოლგის მეშვეობით ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ – მათ ხალხის რისხვასთან გამკლავება ვერ შეძლეს და სამეფო წყვილი ტერიტორიას გაარიდეს. მეფემ და დედოფალმა მეორე დაზარალებულ ქალაქში დაგეგმილი თავიანთი ვიზიტიც გააუქმეს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობა იყო „მარგინალური“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და იმ ადამიანების ცხედრების პოვნაა, რომლებიც შესაძლოა ამ ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

სამაშველო-სამძებრო სამუშობი გრძელდება. ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიის რეგიონში მაშველებთან ერთად 17 500 ჯარისკაცი და სამართალდამცველი მუშაობს.

სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გადაარჩინეს ქალი, რომელმაც სამი დღე ჩაკეტილ მანქანაში გაატარა ვალენსიის რეგიონის ბენეტუსერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში.

სინოპტიკოსების ცნობით, კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ნალექი. მაცხოვრებლებმა მიიღეს შეტყობინებები, რომ გამოიჩინონ სიფრთხილე და სახლიდან არ გამოვიდნენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close