მსოფლიოსპორტი

„ოქროს ბურთი 2024“-ის გამარჯვებულები პარიზში დააჯილდოვეს, რატომ არ დაესწრო ცერემონიას „რეალი“?

28 ოქტომბერს პარიზში 2024 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. როგორც ცნობილია, მეკარეთა „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი ნომინანტი იყო ესპანური „ვალენსიას“ ქართველი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე პარიზის „შატლეს“ თეატრში თავის ფეხმძიმე მეუღლესთან – ელენე ეპიტაშვილთან ერთად მივიდა. 

მთავარი ჯილდო – „ოქროს ბურთი“ მამაკაცებს შორის „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა როდრიმ მოიგო, რომელმაც ამ ჯილდოზე ყველაზე რეალურ კანდიდატს – ვინისიუსს გადაუსწრო. აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალმა“ „სირცხვილი“ და „ისტორიული ქურდობა“ უწოდა იმას, რომ გუნდის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ვინისიუსმა „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგო. ესპანური მედიის ცნობით, მადრიდელებმა გააუქმეს პარიზში წასვლა და ცერემონიაზე დასწრება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ინდივიდუალური ჯილდო არა ვინისიუსს, არამედ როდრის მიაკუთვნეს.

ჯილდოზე წარდგენილი 30 ნომინანტის საბოლოო რეიტინგი ასეთია:

  1. როდრი („მანჩესტერ სიტი“, ესპანეთი)
  2. ვინისიუსი („რეალი“, ბრაზილია)
  3. ჯუდ ბელინგემი („რეალი“, ინგლისი)
  4. დანიელ კარვახალი („რეალი“, ესპანეთი)
  5. ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“, ნორვეგია)
  6. კილიან მბაპე („რეალი“, საფრანგეთი)
  7. ლაუტარო მარტინესი („ასტონ ვილა“, არგენტინა)
  8. ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი)
  9. ტონი კროოსი („რეალი“, გერმანია; კარიერა დაასრულა)
  10. ჰარი კეინი („ბაიერნი“, ინგლისი)
  11. ფილ ფოდენი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი)
  12. ფლორიან ვირტცი („ლევერკუზენი“, გერმანია)
  13. დანი ოლმო („ბარსელონა“, ესპანეთი)
  14. ადემოლა ლუკმანი („ატალანტა“, ნიგერია)
  15. ნიკო უილიამსი („ბილბაო“, ესპანეთი)
  16. გრანიტ ჯაკა („ლევერკუზენი“, შვეიცარია)
  17. ფედერიკო ვალვერდე („რეალი“, ურუგვაი)
  18. ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“, არგენტინა)
  19. მარტინ ედეგორი („არსენალი“, ნორვეგია)
  20. ჰაქან ჩალჰანოგლუ (ინტერი, თურქეთი)
  21. ბუკაიო საკა („არსენალი“, ინგლისი)
  22. ანტონიო რიუდიგერი („რეალი“, გერმანია)
  23. რუბენ დიაში („მანჩესტერ სიტი“, პორტუგალია)
  24. ვილიამ სალიბა („არსენალი“, საფრანგეთი)
  25. კოულ პალმერი („ჩელსი“, ინგლისი)
  26. დეკლან რაისი („არსენალი“, ინგლისი)
  27. ვიტინია („პსჟ“, პორტუგალია)
  28. ალექს გრიმალდო („ლევერკუზენი“, ესპანეთი)
  29. არტიომ დოვბიკი („რომა“, უკრაინა)
  30. მატს ჰუმელსი („რომა“, გერმანია)

„შატლეს“ თეატრში ცერემონიის გახსნის შემდეგ პირველი ჯილდო – „ტროფი კოპა“ გადაეცა ესპანეთის ნაკრების და „ბარსელონას“ გარემარბს, 17 წლის ლამინ იამალს. ჟურნალ France Football-ის ეს პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა  საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს.

პრიზის პრეტენდენტები იყვნენ, აგრეთვე, პაუ კუბარსი („ბარსელონა“), ალეხანდრო გარნაჩო („მანჩესტერ იუნაიტედი“), კობი მაინუ („მანჩესტერ იუნაიტედი“), არდა გიულერი („რეალი“), ქარიმ კონატე („ზალცბურგი“), ჟოაო ნევეში („ბენფიკა“), სავინიო („ჟირონა“), მატის ტელი („ბაიერნი“) და უორენ ზაირ ემერი („პსჟ“).

ჟურნალ France Football-ის ვერსიით, 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა „ასტონ ვილასა“ და არგენტინის ნაკრების კარის მცველი მარტინესი, რომელმაც ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.

ამ პრიზის ნომინანტები გიორგი მამარდაშვილთან ერთად იყვნენ, აგრეთვე: დიოგო კოშტა („პორტუ“), ჯანლუიჯი დონარუმა („პსჟ“), გრეგორ კობელი („დორტმუნდი“), ანდრეი ლუნინი („რეალი“), მაიკ მენიანი („მილანი“), უნაი სიმონი („ბილბაო“), იან ზომერი („ინტერი“), რონუენ უილიამსი („მამელოდი სანდაუნსი“).

საუკეთესო მწვრთნელის პრიზი კარლო ანჩელოტიმ („რეალი“) მიიღო. იტალიელმა სპეციალისტმა უკან ჩამოიტოვა ჩაბი ალონსო („ლევერკუზენი“), ლუის დე ლა ფუენტე („ესპანეთის ნაკრები“), ჯანპიერო გასპერინი („ატალანტა“), პეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტი“) და ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები).

ჰარი კეინმა („ბაიერნი“ და კილიან მბაპემ („რეალი“) გერდ მიულერის პრიზი მიიღეს, რომელიც სეზონის საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. მათ 2023-2024 წლის სეზონში 52-52 გოლი გაიტანეს.

სეზონის საუკეთესო გუნდის ნომინაციაში გაიმარჯვა მადრიდის „რეალმა“, რომელმაც გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. „რეალმა“  „მანჩესტერ სიტის“, „ლევერკუზენს“, „დორტმუნდს“ და „ჟირონას“ აჯობა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროტესტის ნიშნად, გუნდის წარმომადგენლები პარიზში გამართულ ცერემონიას არ დასწრებიან.

ესპანური ქალთა საფეხბურთო გუნდი „ბარსელონა“, რომელმაც სეზონში ოთხი ტიტული მოიგო, საუკეთესო ქალთა გუნდად აღიარეს, ხოლო მისი ნახევარმცველი აიტანა ბონმატი ზედიზედ მეორედ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: გიორგი მამარდაშვილი მეკარეთა „ოქროს ბურთის“ ნომინანტია

დაკავშირებულ თემაზე: მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე დაოჯახდა – სამი წლის წინ ინტერნეტით დაწყებული love story გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა (ვიდეორეპორტაჟი)

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე დაოჯახდა – სამი წლის წინ ინტერნეტით დაწყებული love story გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა (ვიდეორეპორტაჟი)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close