იტალიაპოლიტიკასაზოგადოება

თუ იტალიის მოქალაქე სუროგაციას საზღვარგარეთ მიმართავს, დაისჯება – სენატმა ახალი კანონი მიიღო

„სუროგატული დედობა უნივერსალური დანაშაულია“ - იტალია სუროგაციის აკრძალვას აფართოებს

იტალიაში სუროგაცია კანონით 2004 წლიდან აკრძალულია. ახლა ამ კანონს ერთი აბზაცი დაემატა, რომლის არსი ისაა, რომ თუ იტალიის მოქალაქე წყვილები სუროგაციას საზღვარგარეთ მიმართავენ, მაინც დაისჯებიან კანონის შესაბამისად. სენატმა საბოლოო გადაწყვეტილება მწვავე დებატების შემდეგ მიიღო, 84 მომხრით 58-ის წინააღმდეგ. თავი არავის შეუკავებია.

მანამდე, 2023 წლის ზაფხულში კანონპროექტი იტალიის პარლამენტის ქვედა – დეპუტატთა პალატამ დაამტკიცა.

იტალიაში 2004 წელს მიღებული #40 კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამი თვიდან ორ წლამდე ვადით და 600 ათასიდან ერთ მილიონ ევრომდე ჯარიმას მათთვის, „ვინც ახორციელებს ან ავრცელებს რეპროდუქციული უჯრედების, ემბრიონების ან სუროგაციის კომერციალიზაციას“. იტალიის კანონმდებლობით სუროგატული დედობა, ფაქტობრივად, უკვე ითვლება იმ ქალების ექსპლუატაციისა და ღირსების შემლახავ ფორმად, რომლებიც ნაყოფს მუცლით სხვებისთვის ატარებენ.

იტალიამ სუროგაციაზე არსებული აკრძალვა გააფართოვა და ახლა ის ვრცელდება იმ წყვილებზეც, რომლებიც ამ მომსახურებას იმ ქვეყნებში მიმართვენ, სადაც სუროგაცია ლეგალურია, მაგალითად, აშშ-ში ან კანადაში. ეს ნიშნავს, რომ ის წყვილები, რომლებიც სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლებენ საზღვარგარეთ, ასევე აგებენ პასუხს კანონის წინაშე.

ოჯახის, შობადობისა და თანაბარი შესაძლებლობების მინისტრმა ევგენია როკელამ განაცხადა, რომ ახალი კანონი „იცავს დედებისა და ბავშვების ღირსებას, რომლებსაც აქვთ უფლება, იცნობდნენ დედას და აქვთ უფლება, არ იქცნენ საქონლად“. ოპოზიცია კი კანონს „შუასაუკუნეობრივს“, „არაკონსტიტუციურს“, „უსარგებლოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ის ბავშვების და ოჯახური ბედნიერების წინააღმდეგაა მიმართული..

ცვლილება 2004 წელს მიღებულ კანონში, რომელიც იტალიის მმართველმა ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმებმა“ წარადგინა, კრიტიკოსების აზრით, LGBT წყვილების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებსაც ქვეყანაში არ აქვთ შვილად აყვანის ან ხელოვნური განაყოფიერების უფლება.

სენატში კენჭისყრამდე გამართულ საპროტესტო აქციაზე კანონის მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ კანონი მშობლად გახდომის პროცესს ართულებს, ქვეყანაში შობადობის მაჩვენებლის კლების მიუხედავად.

ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი მიიჩნევს, რომ ბავშვები მხოლოდ მამაკაცის და ქალის წყვილმა უნდა გაზარდოს. მან მანამდეც გააკრიტიკა LGBT წყვილებისთვის სუროგაცია.

მანანა ბანძელაძე

p. s. სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, ზოგიერთ ქვეყანაში სუროგატული დედობა ლეგალიზებულია ალტრუისტული ან კომერციული მოსაზრებებით. ევროპაში ალტრუისტული მოსაზრებებით სუროგაცია დაშვებულია დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, დანისა და პორტუგალიაში (ამ ქვეყნებში უცხოელი არარეზიდენტებისთვის აკრძალულია ან არ არის ნებადართული სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა). ხოლო ბელგიაში, უკრაინაში, საქართველოსა და საბერძნეთში ეს მომსახურება „რუხ ზონაშია“ – ანუ კანონით ის არც  აკრძალულია და არც ნებადართული. მათ შორის, ბელგიაში ამ პრაქტიკას მხოლოდ ალტრუისტული მოსაზრებებით მიმართავენ (და მხოლოდ ბელგიის მოქალაქეები). საქართველოში, უკრაინასა და იტალიაში სააგენტოები მომხმარებლებს სთავაზობენ კონსულტაციას და დახმარებას იტალიურ ენაზე (მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინაში უცხოეთიდან სუროგაციის მიზნით ჩასვლის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა არ შეწყვეტილა). საქართველო გახდა მთავარი მიმართულება კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებით ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის, მათ შორის, იტალიიდან.

დაბოლოს, სუროგატული დედობა, ასევე, ლეგალურია შეერთებულ შტატებსა და კანადაში როგორც ჰეტეროსექსუალური, ისე გეი წყვილებისთვის და მარტოხელებისთვის, აგრეთვე, უცხოელებისთვისაც: შტატებში – კომერციული ფორმით, კანადაში – მხოლოდ ალტრუისტული მოსაზრებით. კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც სუროგატული დედობა ნებადართულია, არის ისრაელი, მაგრამ მხოლოდ რეზიდენტი ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის ან მარტოხელა დედებისთვის, რომლებსაც შვილის გაჩენა არ შეუძლიათ.

იტალიელებს „საშვილოსნოს გაქირავება“ აეკრძალებათ – პარლამენტში სუროგაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close