ვიდეოიტალიასაზოგადოება

იტალიის რეგიონებში წითელი და ნარინჯისფერი მეტეოგაფრთხილება გამოცხადდა – როდემდე გაგრძელდება უამინდობა (ვიდეო)

გადაუღებელი, კოკისპირული წვიმა თავს დაატყდა იტალიისა და ცენტრალური საფრანგეთის ნაწილს. სინოპტიკოსების ვარაუდით, შტორმები და ძლიერი ნალექი იტალიის სამხრეთში სამშაბათამდე, 22 ოქტომბრამდეა მოსალოდნელი.

ამ დრომდე უამინდობამ ყველაზე მეტად  ემილია-რომანიის რეგიონი დაზარალდა – ქალაქ ბოლონიაში 160 მილიმეტრზე მეტი წვიმა მოვიდა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე რავონე. სტიქიას 20 წლის ბიჭი – სიმონე ფარინელი ემსხვერპლა პიანოროში (ბოლონია).იგი მანქანაში იყო ძმასთან ერთად, როდესაც მანქანა მოვარდნილმა წყლის ტალღამ დაფარა. ძმამ გადმოსვლა მოახერხა, სიმონე კი მანქანასთან ერთად წყალმა წაიღო.

ემილია-რომანიაში 3 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან არსებული საფრთხის გამო, მათ შორის, ბოლონიაში და მის პროვინციაში  – 2100-ზე მეტი. ქალაქ ბოლონიის მერმა მატეო ლეპორემ განაცხადა, რომ რეგიონის პრეზიდენტს  ესაუბრა და ისინი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მოითხოვენ. მისივე თქმით, ამ რაოდენობის ნალექს არავინ ელოდა და ბოლონია ყველაზე მეტად დაზარალებული აღმოჩნდა.

ტოსკანაში ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ელსა. ორივე რეგიონის მცხოვრებლებს ურჩევენ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ მგზავრობისაგან.

უამინდობაა იტალიის სამხრეთ ნაწილშიც – კოკისპირულმა წვიმამ სიცილიაშიც ძლიერი წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

განსაკუთრებით დაზარალდა სიცილიის სიდიდით მეორე ქალაქი კატანია.

კალაპოტიდან გადმოვიდა კუნძულის ყველაზე გრძელი მდინარე სალსო, შედეგად სიცილიის სამხრეთ ნაპირზე მდებარე ქალაქი ლიკატი და მიმდებარე რაიონები, პრაქტიკულად, მთლიანად წყალქვეშ მოექცა.

ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით განხორციელდა. სტიქიის გამო პალერმოს აეროპორტში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს რამდენიმე საათის განმავლობაში სიბნელეში ყოფნა მოუხდათ. მეწყერმა გადაკეტა გზები და რამდენიმე სახლი წაიღო პატარა სოფელ გინოსტრაში, რომელიც სიცილიის ჩრდილოეთით, კუნძულ სტრომბოლიზე მდებარეობს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close