ვიდეოკინო/ფილმებიარტისტი

ბრიჟიტ ბარდო და მისი საყვარელი მამაკაცები – ფრანგული კინოს სექსსიმბოლო 90 წლის გახდა (ფოტო, ვიდეო)

28 სექტემბერს ფრანგი მსახიობი, მომღერალი, მოდელი და მწერალი ბრიჯიტ ბარდო, ან უბრალოდ B. B., როგორც მას ფრანგები უწოდებენ, 90 წლის შესრულდა. კარიერის განმავლობაში მან ითამაშა 48 ფილმში, ჩაწერა 80-მდე სიმღერა და გახდა სექსუალური რევოლუციის სიმბოლო. როგორც თავად მსახიობმა აღიარა, მთელი ცხოვრების განმავლობაში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო – ჰყვარებოდა და ყოფილიყო სიყვარულის ობიექტი…

მომავალი მსახიობის კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. იგი გადაიღეს ფრანგული ჟურნალის Elle-ის გარეკანისთვის, რის შემდეგაც რეჟისორმა როჟე ვადიმმა (ვადიმ პლემიანიკოვი) შეამჩნია. სწორედ როჟე ვადიმი გახდა ბარდოს პირველი სიყვარული. მსახიობის მშობლების პროტესტის მიუხედავად წყვილი დაქორწინდა. სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, 1956 წელს, როჟემ მეუღლე გადაიღო ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“, რომლის წყალობითაც ბრიჟიტ ბარდო მთელმა მსოფლიომ გაიცნო. წყვილი მალევე დაშორდა, მაგრამ ყოფილი მეუღლეები მეგობრებად დარჩნენ.

ბრიჟიტ ბარდო და როჟე ვადიმი

მსახიობის ცხოვრებაში შემდეგი მნიშვნელოვანი მამაკაცი იყო მსახიობი ჟან-ლუი ტრენტინიანი. რომანის დაწყებისას ორივე ჰქონდა ურთიერთობა სხვა პარტნიორთან, მაგრამ ამას მათთვის ხელი არ შეუშლია. მაგრამ მათი გრძნობა ისევე მალე ჩაიფერფლა, როგორც იფეთქა. წყვილი ურთიერთობაში ორი წელი დარჩა, რის შემდეგაც ტრენტინიანი ჯარში წავიდა.

ბრიჟიტ ბარდო და ჟან-ლუი ტრენტინიანი ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“

ამის შემდეგ ბრიჯიტს ახალგაზრდა და ცნობილი საყვარლები არ დაჰკლებია  – მომღერლებიდან – საშა დისტელიდან და ჟილბერ ბეკოდან  რაფა ვალონემდე.

შემდეგ ბარდო შეხვდა თავის კოლეგას ფილმში „ბაბეტა ომში მიდის“, ჟაკ შარიეს. ბარდო მსახიობისგან დაორსულდა და მათ დაქორწინება გადაწყვიტეს.

ბრიჯიტ ბარდო და ჟაკ შარიე იტალიაში (1960). ფოტო: Giancarlo Botti

წყვილს ბიჭი შეეძინა (ბარდოს ერთადერთი შვილი), რომელსაც ნიკოლა-ჟაკი (Nicholas-Jacques) დაარქვეს, მაგრამ მსახიობი დედობისთვის არ იყო გაჩენილი და არც უხაროდა შვილის ყოლა. ფეხმძიმობის შესახებ რომ გაიგო, მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, ბავშვი მოეშორებინა, მაგრამ მაშინ საფრანგეთში აბორტები აკრძალული იყო და არცერთმა ექიმმა არ მოინდომა ციხეში წასვლა თუნდაც მაღალი ჰონორარის გამო. ბარდომ ფეხმძიმობა ავთვისებიან სიმსივნესაც კი შეადარა. მას ეშინოდა, რომ ლამაზი სხეული დაუმახინჯდებოდა და ბიჭუნას ძუძუთი კვებაზეც უარი თქვა. მხოლოდ კამერების წინაშე პოზირებდა, როგორც მოყვარული დედა.

ბრიჟიტი „სამარის კარამდე“ ერთგულებისთვის არ იყო გაჩენილი და 1963 წელს შარიესაც დაშორდა მას შემდეგ, რაც ჟაკმა მას საყვარელთან შეუსწრო. იგი არც ცდილა, რომ პატიება ეთხოვა და მოხარულიც კი იყო, რომ კვლავ თავისუფლება დაიბრუნა. ნიკოლა მამასთან დარჩა და ბრიჟიტმა გააგრძელა ჩვეული ცხოვრება – ფლირტი და რომანები მამაკაცებთან.

„ვერასდროს ვხედავდი ჩემს თავს დედისა და ცოლის როლში“, – აღიარა მსახიობმა.

თუმცა ჟაკთან დაშორების შემდეგ კიდევ ორჯერ დაქორწინდა და თან იმდენი საყვარელი ჰყავდა, რომ ყველას გახსენება შემდეგ თვითონაც უჭირდა.

მესამე იყო გიუნტერ ზაქსი…

60-იან წლებში ბრიჟიტ ბარდოს თავისი დროის ყველაზე მომხიბვლელი ქალი უწოდეს, ხოლო მულტიმილიონერ გიუნტერ ზაქსს, საავტომობილო იმპერია „ოპელის“  მემკვიდრეს – უკანასკნელი პლეიბოი. და ალბათ შეუძლებელი იყო, რომ ეს ორი ადრე თუ გვიან ერთად არ აღმოჩენილიყვნენ.

ისინი პირველად 1966 წელს შეხვდნენ ერთმანეთს სენ-ტროპეში. შემდგომში მსახიობმა აღიარა, რომ დანახვისთანავე იგრძნო ლტოლვა გიუნტერ ზაქსის მიმართ და, როგორც აღმოჩნდა, ეს გრძნობა ორმხრივი იყო.

„მას რესტორანში შევხვდი და როდესაც საუბარი დაიწყო, თითქოს მეხი დამეცა. იმწამსვე მივხვდი, რომ მისი ცოლად შერთვა მინდოდა“, – ჰყვებოდა მოგვიანებით ზაქსი. მეორე დღეს კი მათ შორის მიზიდულობა უფრო გაიზარდა: ზაქსის დავალებით ბრიჟიტ ბარდოს კუთვნილ ლა მადრაგის მამულში ვერტმფრენიდან 100-ობით წითელი ვარდი მოაფინეს. და მსახიობსაც ასეთი ლამაზი ჟესტის შემდეგ წინააღმდეგობა არც უფიქრია.

ბრიჟიტი და გიუნტერ ზაქსი

წყვილი რამდენიმე თვის შემდეგ ლას-ვეგასში დაქორწინდა. ეს ბარდოს მესამე ქორწინება იყო. ახალდაქორწინებულები ტაიტიზე გაფრინდნენ სენატორ ედვარდ კენედის თვითმფრინავით. ტაიტიდან დაბრუნებულები პარიზში სხვადასხვა ბინაში დასახლდნენ და მალე ორივემ საყვარლები გაიჩინა. ზაქსთან ქორწინებიდაn ერთი წლის შემდეგ ბარდოს ცხოვრებაში რეჟისორი სერჟ გენსბური გამოჩნდა. გიუნტერს დიდად არ გაჰკვირვებია, როდესაც ცოლის რომანის შესახებ გაიგო და არც სკანდალები მოუწყვია, რადგან თვითონაც არ გამოირჩეოდა ერთგულებით. ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ წყვილი მშვიდად, უხმაუროდ დაშორდა. ისინი ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. დაშორებიდან 10 წლის თავზე გიუნტერმა ბარდოს აჩუქა ბეჭედი უზარმაზარი ბრილიანტის თვლით. ეს ბეჭედი და სხვა სამკაულები ბრიჟიტმა 80-იან წლებში აუქციონზე გაყიდა ცხოველთა დაცვის ფონდში თანხის მოსაზიდად, თუმცა ისინი მეორე დღესვე უკან მიუტანეს – სამკაულები ყოფილმა ქმარმა შეიძინა და ყოფილ მეუღლეს დაუბრუნა წერილთან ერთად, რომ შესაძლოა ისევ დასჭირდეს ოთხფეხა მეგობრების დასაცავად თანხის მოსაზიდად.

ცნობისათვის: გიუნტერ ზაქსმა 2011 წელს თავი მოიკლა განუკურნებელი დაავადების შიშის გამო, რომელსაც სიკვდილისწინა წერილში უწოდა „უიმედო დაავადება A“, რომელიც ექიმების ვარაუდით, იყო „ალცჰაიმერის დაავადება მსგავსი სიმპტომების გამო“.

რაც შეეხება ბრიჟიტ ბარდოს ურთიერთობას სერჟ გენსბურთან, მათ ერთად ჩაწერეს პირველი ვერსია სიმღერისა “Je t’aime, moi non plus”, რომელსაც მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

საბოლოოდ კი ფრანგული კინოს სექსსიმბოლომ მარტოობა არჩია. მან ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, რაც მის მძიმე სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებდა. ამის შემდეგ ბარდომ, რომელმაც 50-მდე ფილმში ითამაშა და 10-მდე ალბომი ჩაწერა, კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, რამაც მას შინაგანი სიმშვიდე მოუტანა. ბარდომ კარიერა 1952 წელს დაიწყო და 1973 წელს დაასრულა. ის ნამდვილი რევოლუციონერი გახდა კინოსა და მოდის სამყაროში და სოფია ლორენსაც კი ადარებდნენ (სხვათა შორის, ახლახან სოფია ლორენიც 90 წლის შესრულდა). ბრიჟიტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კადრში ბიკინით გამოჩნდა.

კარიერის დასრულების შემდეგ დარჩენილი (როგორც აღმოჩნდა, ხანგრძლივი) სიცოცხლე მსახიობმა ცხოველთა დაცვას მიუძღვნა. 1986 წელს მან დააარსა ცხოველთა დაცვის ფონდი – ბრიჯიტ ბარდოს ფონდი.

ბოლოჯერ, მეოთხედ რომ დაქორწინდა, ბრიჟიტ ბარდო 58 წლის იყო. მისი რჩეული გახდა 7 წლით უმცროსი ბიზნესმენი და ცნობილი პოლიტიკოსი ბერნარ დ’ორმალი. მათ ერთმანეთი 1992 წელს გაიცნეს და ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. წყვილი თითქმის 3 ათეული წელი ცხოვრობდა ერთად მადრაგში, სულ ცოტა, 50 ცხოველთან ერთად (ძაღლები, კატები, ცხენები, ვირები, თხები, ქათმები…).

ბრიჟიტ ბარდო და ბერნარ დ’ორმალი

ბარდომ ბერნარ დ’ორმალს თავისი ცხოვრების მთავარი მამაკაცი უწოდა, თუმცა იგი ახლა ისევ მარტოა თავის ვილაში ლა-მადრაგში, სენ-ტროპეში.

ბრიჟიტ ბარდო 2018 წელს

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა: „მე არ ვარ განდეგილი! ვკითხულობ გაზეთებს, ვუყურებ ტელევიზორს, ვინარჩუნებ სიფხიზლეს და ვაკვირდები, როგორ იქცევა ეს სამყარო ცირკად. ის, თუ როგორ ვეპყრობით ჩვენს პლანეტას, გულისამრევია: გლობალური დათბობა, წყალდიდობები, ფეთქებადი დემოგრაფიული სიტუაცია…“. ზუსტად ის ცირკი, რომლის წინააღმდეგაც იგი ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა და იცავდა ცხოველებს, რომლებსაც ამ სამყაროში ექსპლუატაციას უწევენ.

ნინო ხოშტარია

დაკავშირებულ თემაზე: გამოიცანით, ვინ არიან ეს 90 წლის მამაკაცი და 89 წლის ქალი

გამოიცანით, ვინ არიან ეს 90 წლის მამაკაცი და 89 წლის ქალი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close