ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა ბერძნულზე და პირიქით შესაძლებელი იქნება
საქართველოსა და საბერძნეთს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან – ქრისტოს სტაიკურასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა და ქრისტოს სტაიკურასმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეთანხმების ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და პოლიციის ატაშე საბერძნეთის რესპუბლიკაში შოთა ხურციძე.
შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან, სადაც მართვის მოწმობის გადაცვლის რეჟიმი უკვე ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან..
„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება კი 2 დღეში, 29 სექტემბრიდან შევა ძალაში.
ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა შესაძლებელი გახდა
კომენტარები