შონ ო’მალი დამარცხებულია – მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია! (ვიდეო)
„დვალიშვილი კარნახობდა ბრძოლის ტემპს და ხასიათს, მაგრამ ო'მალის არ ჰქონდა პასუხი ქართველის საბრძოლო ოსტატობაზე“ - Forbes
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია! საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის „ქართველმა მანქანამ“ 29 წლის ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
შეხვედრა ლას-ვეგასში, The Sphere-ში 14 სექტემბერს, საღამოს (ლას-ვეგასის დროით, 15 სექტემბერს, გამთენიისას – თბილისის დროით) გაიმართა.
საჩემპიონო ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველი მებრძოლის უპირატესობით მიმდინარეობდა, მერაბი მეტოქეს მიწაზე აკონტროლებდა და ზუსტად ურტყამდა. საბოლოოდ მსაჯებმა გამარჯვება დვალიშვილს მიანიჭეს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (49-46, 48-47×2).
„ბევრი ელოდა, რომ ეს იქნებოდა სტილების ბრძოლა შეხვედრის დასაწყისში. დვალიშვილი კარნახობდა ბრძოლის ტემპს და ხასიათს, მაგრამ ო’მალის არ ჰქონდა პასუხი ქართველის საბრძოლო ოსტატობაზე. წინასწარ ვიტყვით, რომ, სავარაუდოდ, დვალიშვილი ჩემპიონის ტიტულს უმარ ნურმაგომედოვთან დაიცავს“, – წერს „ფორბსი“ მერაბ დვალიშვილის და ო’მალის ორთაბრძოლის მიმოხილვაში.
მერაბ დვალიშვილი ამ ბრძოლამდე ბოლო 6 წელიწადში, 10 შეხვედრაში დაუმარცხებლად მივიდა და ეს UFC-ში მისი ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო (2022 წლის აგვისტოში), პიტერ იანი (2023 წლის მარტში) და ჰენრი სეხუდო (2024 წლის თებერვალში) „ჩამოიშორა“. შონ ო’მალი მეოთხე დამარცხებული ჩემპიონია.
ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ გაიმარჯვა.
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე: ახალი ჩემპიონის მოლოდინში! – 15 სექტემბერს „ქართველი მანქანა“ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს (ვიდეო)
კომენტარები