ახალი ჩემპიონის მოლოდინში! – 15 სექტემბერს „ქართველი მანქანა“ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს (ვიდეო)
„ქართველი მანქანა“ – მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძვის და მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას ილია თოფურიას შემდეგ მეორე ჩემპიონი ეყოლება!
15 სექტემბერს, გამთენიისას (თბილისის დროით) UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ლას-ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე საჩემპიონო ბრძოლას ამერიკელ სუპერვარსკვლავ შონ ო’მალის წინააღმდეგ გამართავს.
დაპირისპირების წინ, პრესკონფერენციაზე დვალიშვილი თქვა, რომ სურს, ქამარი საქართველოში ჩაიტანოს და გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად აღნიშნოს.
33 წლის ქართველი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ შონი იქნება UFC-ის მე-4 ჩემპიონი, რომელსაც დაამარცხებს.
„ქართველი მანქანა“ ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა. რაც შეეხება მის მეტოქეს, 29 წლის ამერიკელმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა.
„ო’მალისთან დაპირისპირება პერსონალური არაა, ეს პროფესიონალური დაპირისპირებაა. მასზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი რამდენჯერმე. გაგიჟებული ვიყავი, როდესაც ჩემი ქვეყანა რამდენჯერმე მოიხსენია უპატივცემულოდ. ჩემი ქვეყანა ჩემთვის რელიგიაზე მეტია. ჩემი ქვეყანა აქ [გულში] მაქვს და ამიტომ დავიწყე ბრძოლა, რომ ჩემი ქვეყანა წარმომეჩინა. და როდესაც ვიღაც, არ აქვს მნიშვნელობა – ვინ, უპატივცემულობას ამჟღავნებს შენი ოჯახის, ქვეყნის მიმართ, უნდა გაბრაზდე. მაშინ მინდოდა სახეში გამერტყა. თუმცა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ დავამარცხო კვირას და მისი ქამარი წამოვიღო. ბრძოლის შემდეგ ვისაუბრებ, შეიძლება ვაპატიო, ან უბრალოდ ვისაუბროთ. მინდა ვაჩვენო, რომ უნდა იყოს თავმდაბალი და პატივი სცეს ყველას. საქართველო, მიყვარხარ! ყველაფერს გავაკეთებ, როგორც ჩვენ შეგვეფერება და ისე დავიხარჯები ბოლომდე!“ – აცხადებს მერაბ დვალიშვილი.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები