ვიდეოეკონომიკასაბერძნეთი

თესალონიკში მეტრო იხსნება – როდიდან შეძლებენ მგზავრები სარგებლობას და რა ეღირება ბილეთი (ვიდეო)

თესალონიკში მეტროს გახსნამდე 65 დღე რჩება – პირველი მარშრუტი 30 ნოემბერს ამუშავდება. მეტრო ყოველდღიურად 254 ათას მგზავრს მოემსახურება.

Hellenic Metro SA-მ გამოაქვეყნა თესალონიკის 13 მეტროსადგურიდან 12-ის ინტერიერის ფოტოები, რომლებიც საათში 18 000 მგზავრს მოემსახურება. 12 სადგური მზადაა ექსპლუატაციისთვის, დარჩა მხოლოდ ვენიზელოსის სადგური, სადაც პრობლემები შეიქმნა ადგილზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტების გადატანასთან დაკავშირებით და გარკვეული ტექნიკური სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

 

თესალონიკის მეტროს მთავარი ხაზის სიგრძე 9,6 კმ-ია, დაკავებული საერთო ფართობი – 22,5 ჰექტარი. მეტროს ხაზი იწყება ქალაქის ცენტრიდან და ახალი სარკინიგზო სადგურიდან, გაივლის მონასტირიუს, ეგნატიის და დელფის ქუჩებს და დამთავრდება ნეა-ელვეტიის რაიონში, სადაც პილაიის სადგურს დაუკავშირდება.

ყოველდღიურად 18 უპილოტო ავტომატური მატარებელი იმოძრავებს 30 კმ/სთ საშუალო სიჩქარით და მანძილს 17 წუთში დაფარავს. მეტრო საათში ყველა მიმართულებით 18 000 მგზავრს მოემსახურება, დღეში მთლიანობაში – 254 ათასს. მატარებლის მოცდის დრო თითოეულ სადგურზე თავდაპირველად 2,5 წუთი იქნება, დამატებით 15 მატარებლის მიღების შემდეგ კი 1,5 წუთამდე (90 წმ) შემცირდება.

პირველი რეგულარული მარშრუტი 30 ნოემბერს შესრულდება. ბილეთები უკვე გამოშვებულია. ბილეთის ფასი 0.90 ევრო იქნება (70 წუთზე), რაც 0.30 ევროთი იაფია ათენის მეტროს 90-წუთიან ბილეთზე, რომელიც 1,20 ევრო ღირს.

მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი ტიპის ერთჯერადი ბილეთი, მეორე ეტაპზე კი დაინერგება უკონტაქტო გადახდის სისტემა.

ბილეთი საერთო იქნება მეტროსა და ავტობუსებისთვის და გამოშვებულია ან ლურჯი პლასტიკური ბარათის სახით (ThessCard), ან თეთრი ფერის ქაღალდის ბილეთის (ThessTicket) სახით, რომლის შევსება 6-ჯერ იქნება შესაძლებელი.

ამასთან, სერტიფიცირებულია კომპოსტერებიც, რომლებსაც მეორე ეტაპზე უკონტაქტო გადახდებისთვისაც გამოიყენებენ.

ბილეთების ტიპები მგზავრობის მარშრუტის და ხანგრძლივობის მიხედვით:

  • 70-წუთიანი ულიმიტო სატრანსფერო ბილეთი:
  • ორმხრივი ბილეთი (წინ და უკან);
  • 10+1 ბილეთი;
  • სპეციალური დანიშნულების მარშრუტების ბილეთები (იხ. აეროპორტი, ექსპრეს-ხაზები);
  • დღიური ბილეთი (24-საათიანი);
  • 3-დღიანი ტურისტული ბილეთი (აეროპორტში წასასვლელი და აეროპორტიდან წამოსასვლელი ერთი გზის ჩათვლით);
  • ულიმიტო სამგზავრო ბარათები;
  • სხვა ბარათები (მოსწავლის, სტუდენტის, შშმ პირის, უმუშევრის და ა. შ.).

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ავტომატებიდან, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განთავსდება, 14-ვე მუნიციპალიტეტში, აგრეთვე, მეტროში. ავტომატებში გადახდა შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით, მონეტებითა და ქაღალდის ბანკნოტებით.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close