საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებისთვის მზადება დაიწყო.
სექტემბრის შეკრების პირველ დღეს ეროვნულმა გუნდმა საგურამოს „ლოკო არენაზე“ არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, პირველ საწვრთნელ ვარჯიშში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებული სხვა მოთამაშეები ნაკრებს უახლოეს ორ დღეში შეუერთდებიან.
პირველ დღეს ივარჯიშეს გიორგი გველესიანმა, ლუკა გუგეშაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ოთარ კაკაბაძემ, ლუკა ლოჩოშვილმა, საბა გოგლიჩიძემ, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი წიტაიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი მიქაუტაძემ.
დღეს ნაკრებს გიორგი მამარდაშვილიც შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იტალიის სერია A-ში წარმატებული დებიუტის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში საბა გოგლიჩიძეც გამოიძახა.
20 წლის საბა გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვარში ჩაირიცხა, მის შემადგენლობაში პირველი შეხვედრა 31 აგვისტოს „ბოლონიასთან“ ითამაშა სტუმრად და შესანიშნავი შეფასება მიიღო – 7,4 ქულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო B ლიგის პირველ ჯგუფშია (უკრაინასთან, ჩეხეთთან და ალბანეთთან ერთად) და სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს „მიხეილ მესხის არენაზე“ ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ნუცა ყაველაშვილი
აბა, თქვენ იცით, ბიჭებო!
კომენტარები