საბერძნეთში არქეოლოგებმა შიშველი სატირების მოზაიკა აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა საბერძნეთში, ძველ ერეტრიაში გათხრების დროს კენჭოვანი მოზაიკის იატაკი აღმოაჩინეს, რომელზეც ორი შიშველი სატირია გამოსახული.
საბერძნეთის კულტურის სამინისტროს მიერ წარმოებული ბოლო გათხრების შედეგად დაფნიფოროს აპოლონის საკურთხევლის, პანათენის ამფორების კვარტლის და მოზაიკების სახლის მახლობლად ისტორიული შენობის ნანგრევები აღმოაჩინეს.
შენობაში არქეოლოგებმა ბუნებრივი კენჭებით დამზადებული მოზაიკური იატაკი აღმოაჩინეს, რომლის სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეს კედლებია შემორჩენილი.
მოზაიკაზე წრიული შავი მედალიონი, ხოლო მედალიონზე ორი შიშველი სატირია გამოსახული, რომლებსაც ცხენის კუდი და ყურები აქვთ.
სატირები ღმერთი დიონისეს თანამგზავრებად ითვლებოდნენ. ისინი ტყეებში, მთებსა და საძოვრებზე ბინადრობდნენ. რომაელები სატირებს მშობლიური ბუნების სულებთან – ფაუნებთან აიდენტიფიცირებდნენ, რომლებსაც ხშირად ნახევრად ადამიანებად და ნახევრად თხებად გამოსახავდნენ.
შენობაში აღმოჩენილი ოთახი აწეული იატაკით, სადაც, როგორც ჩანს, გასაშლელი ლოგინები იყო განთავსებული, არქეოლოგების თქმით, სავარაუდოდ, ძვ. წ. IV საუკუნით თარიღდება. ოთახს დღესასწაულებისა და შეკრებებისთვის საბანკეტო სივრცედ იყენებდნენ.
ადრექრისტიანულ პერიოდში (V-VI) შენობის ტერიტორიას სასაფლაოდ იყენებდნენ. არქეოლოგებმა შენობის შიგნით და გარეთ 5-5 საფლავი აღმოაჩინეს.
ერეტრია საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე მდებარე ქალაქია. მის ტერიტორიაზე პირველი დასახლება დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს დაარსდა. ძველი ერეტრია ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან საბერძნეთის მნიშვნელოვანი პოლისი და სავაჭრო ცენტრი იყო.
ერეტრია მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების აღწერაშიც გვხვდება. მაგალითად, ჰომეროსის ლეგენდარულ „ილიადაშიც“ არის ნახსენები, როგორც ერთ-ერთი იმ ბერძნული ქალაქებიდან, რომლებიც ტროის ომში გაგზავნეს გემები. 499 წელს, სპარსეთის წინააღმდეგ იონიელთა აჯანყების დროს, ერეტრიამ და ათენმა თავიანთ იონიელ მოკავშირეებს დახმარება გაუგზავნეს, რის შედეგადაც სპარსეთის სატრაპიის – ლიდიის დედაქალაქი სარდისი დაიწვა.
tabula.ge
კომენტარები