არის პირველი ოქრო! – ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია, თანაც ორგზის
პარიზის ოლიმპიური თამაშების მეხუთე დღეს საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) მოუტანა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული პარიზშიც დაიცვა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
რეიტინგის პირველმა ნომერმა, 24 წლის ლაშა ბექაურმა ნახევარფინალში ქართველი მეტოქე, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი დაამარცხა და ფინალში ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, რეიტინგის მესამე ნომერს, იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა.
თავიდან იაპონელი იგებდა ვაზარს, ლაშამ მალე გაათანაბრა ანგარიში, ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე კი მეორე ვაზარი მოიპოვა და ძლიერი იაპონელი მეტოქე დაამარცხა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას უკვე ორი მედალი აქვს (ოქრო და ვერცხლი) და ორივე მედალი ძიუდოისტების ანგარიშზეა – გუშინ ვერცხლის მედალი 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბერძენ მეტოქესთან დამარცხდა და, სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა.
დღეს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციიდან მხოლოდ ლაშა ბექაური ასპარეზობდა.
ხვალ ძიუდოისტებიდან ტატამიზე ილია სულამანიძე გამოვა (+90 კგ).
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები