ვიდეოსპორტი

ღირსეული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრები – დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ქალაქ კიოლნიდან (ვიდეო)

30 ივნისს კიოლნი მთლიანად ქართული ქალაქი იყო. ათასობით ქართველი ჩამოვიდა არა მარტო საქართველოდან, არამედ საფრანგეთიდან, დანიიდან, აშშ-იდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან

მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე თითქმის ყველა წერს, ყველა ლაპარაკობს და ეს ბუნებრივიცაა: ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა ისტორია დაწერეს! მომავალშიც არაერთხელ გავიხსენებთ ამ დღეებს, როგორც საუკეთესო მოგონებებს, ბედნიერების შეგრძნებას, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგვყვება.

როდესაც ჩემპიონატი დაიწყო, მეგობრებმა მკითხეს, ხომ არ ვაპირებდი გერმანიაში წასვლას ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ. ვიხუმრე, ჯგუფიდან რომ გავალ, მერე წავალ მერვედფინალის სანახავად-მეთქი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ბიჭებმა მთელი საქართველო გააბედნიერეს, ხოლო მსოფლიო კი გააოცეს, საკუთარი სიტყვები გამახსენდა. პირობა უნდა შემესრულებინა. ასე აღმოვჩნდი ქალაქ კიოლნში.

კიოლნი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური ცენტრია, რომლის მოსახლეობის დაახლოებით 8 პროცენტს სტუდენტები შეადგენენ.

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა ცნობილი კათოლიკური საკათედრო ტაძარია, რომლის მშენებლობაც მე-13 საუკუნეში, 1248 წელს დაიწყო და მხოლოდ 1880 წელს დასრულდა. ტაძარი გოთიკური სტილის ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობაა მსოფლიოში.

კიოლნში ცხოვრობს დიდი თურქული დიასპორა, რომელიც გერმანიაში მეორეა ბერლინის შემდეგ, მაგრამ 30 ივნისს კიოლნი მთლიანად ქართული ქალაქი იყო. ათასობით ქართველი ჩამოვიდა არა მარტო საქართველოდან, არამედ საფრანგეთიდან, დანიიდან, აშშ-იდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. დილიდანვე ისეთი ამაღლებული განწყობა შეიქმნა, რომ ჩემთვის ცხადი გახდა: არ აქვს მნიშვნელობა, მატჩი რა შედეგით დასრულდება, ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ!

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო სტადიონისკენ ქართველი გულშემატკივრების მსვლელობა. დაახლოებით ორი კილომეტრი ერთად, ზეიმით გავიარეთ. ჩვენმა ენთუზიაზმმა ტრადიციულად გაწონასწორებულ გერმანელებზეც კი იმოქმედა – ადგილობრივები თავიანთი სახლების ფანჯრებიდან გვესალმებოდნენ, წარმატებებს გვისურვებდნენ. ზოგს ქართული დროშებიც გადმოეფინა…

მართალია, ფეხბურთის ესპანელმა ჯადოქრებმა მოედანზე გვაჯობეს, მაგრამ ტრიბუნებზე ქართველი გულშემატკივრების უპირატესობა აშკარა იყო. განსაკუთრებით შესამჩნევია ის მჭიდრო ემოციური კავშირი, რაც ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის ჩამოყალიბდა და რაც ყოველ წამს იგრძნობოდა.

კიდევ ერთი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა: მატჩის განმავლობაში ქართველი გულშემატკივრების მხრიდან არცერთხელ გამიგონია უცენზურო გამოთქმები, მათ შორის, მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეების მიმართ. ამისთვის არავის ეცალა, ზეიმის დრო იყო. მხოლოდ მე შევიგინე იმედგაცრუებულმა ერთ მომენტში, უნებურად. აქამდე მრცხვენია ჩემი საქციელის…

დაბოლოს, მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებმაც ეს ზეიმი გვაჩუქეს! მადლობა მსოფლიოში საუკეთესო ქართველ გულშემატკივრებს!

დანარჩენი ვიდეოკადრებში შეგიძლიათ იხილოთ.

გიორგი ჯანელიძე

„ქოჩორაშვილი, ქოჩორაშვილი!“ – სკანდირებენ ქართველი გულშემატკივრები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close