გაფრთხილება! – მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეისთვის, 26 ივნისისთვის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ზოგან სეტყვა, აღმოსავლეთ საქართველოში კი – ძლიერი ქარი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა მოვა ელჭექის თანხლებით, მოსალოდნელია სეტყვაც.
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი; დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქ თბილისში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი დაუბერავს.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები