ჯანმრთელობარჩევები

ლამაზი ხელები – ქალების „სავიზიტო ბარათი“: ისწავლეთ სწორი მოვლა

თუ გსურთ, ქალის ასაკი გაიგოთ, სახეზე კი არა, ხელებზე დააკვირდით: სწორედ ასეა შესაძლებელი ქალის ასაკის გამოცნობა. საქმე ისაა, რომ ხელების კანი თავისი სტრუქტურის გამო ბევრად უფრო დაუცველია. ხელის ზურგი მცირე რაოდენობით ცხიმოვან ჯირკვალს შეიცავს, ხოლო ხელისგულზე ეს ჯირკვლები საერთოდ არ არის. ამასთან, ხელების კანში წყალი 4-5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სახის კანში. ამიტომაა, რომ მათ განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ.

1. ისწავლეთ ხელების სწორად დაბანა

გაგიკვირდათ არა? მაგრამ მართლა დარწმუნებული ხართ, რომ ხელებს სწორად იბანთ? ბევრი ამას არასწორად აკეთებს. საქმე ისაა, ხელები მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყლით უნდა დაიბანოთ. ცივი წყალი ხელების კანს აუხეშებს, აწითლებს, აქერცვლასა და დასკდომას იწვევს, ხოლო ძალიან ცხელი წყალი კანს ცხიმს აცლის და აშრობს.

2. ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ

ბევრი ამას დიდადაც არ დაგიდევთ, მით უმეტეს, თუ ხელებს საზოგადოებრივ ადგილებში იბანს. ხელების კარგად შემშრალება აუცილებელია, თუ არ გსურთ, ნუნები დაგიზიანდეთ.

3. საპონი სწორად შეარჩიეთ

ხელები მხოლოდ ტუალეტის რბილისაპნით დაიბანეთ (კარგია გლიცერინიანი საპონიც), მაგრამ უმჯობესია, თუ თხევად საპონს გამოიყენებთ. ის შეიცავს დანამატებს კანის გამოშრობისგან დასაცავად.

4. არ დაგავიწყდეთ პილინგი

ოჯახურ პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ სკრაბი სხეულისთვის, რომელიც ხელებზე უნდა წაისვათ აბაზანის მიღების ან ხელების სპეციალური აბაზანის გაკეთების დროს. შემდეგ კი მსუბუქად, წრიული მოძრაობით შეიზილეთ ხელებში. სკრაბი მკვდარი უჯრედების მოცილებას უზრუნველყოფს, შედეგად კი კრემის აქტიური ნივთიერებები კანში ადვილად შეაღწევს.

5. საოჯახო საქმეების კეთებისას გაიკეთეთ ხელთათმანები

სამწუხაროდ, ამ რჩევას დიასახლისების უმრავლესობა ყურადღებას არ აქცევს და არ დაგიდევთ, რომ სარეცხ საშუალებებში შემავალი ქიმიური  ნივთიერებები ხელის კანისთვის მავნებელია. მათი ზემოქმედება ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითებას და კანის დაავადებებს იწვევს, მათ შორის, დერმატიტსა და ეგზემასაც კი.

ხელთათმანებით მუშაობა მოუხერხებელია, თუ მიუჩვეველი ხარ, თუმცა 2-3 დღე გაიჭირვეთ და ისე მიეჩვევით, რომ ხელთათმანის გარეშე აღარაფერს გააკეთებთ. მნიშვნელოვანია, რომ შესაფერისი ზომის ხელთათმანი შეიძინოთ, რათა დისკომფორტი არ გქონდეთ.

6. ხელთათმანის ალტერნატივა – დამცავი კრემი

თუ ხელთათმანს  ვერაფრით შეეგუეთ და არ ხმარობთ, მაშინ საოჯახო საქმის დაწყების წინ ხელებზე კრემი წაისვით. კრემი კანს დამცავ აპკს გადააკრავს და ხელებს დამაზიანებელი ზემოქმედებისგან დაიცავს. ეს ალტერნატივა უნივერსალური არ არის, მაგრამ მაინც უკეთესია, ვიდრე სრულიად დაუცველი ხელებით საქმის კეთება.

7. რეგულარულად გამოიყენეთ მკვებავი კრემი

უმჯობესია, თუ ამ კრემს წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ გამოიყენებთ, თუმცა რეალურად დღეში ერთხელაც საკმარისია. თუ ასე არ მოიქცევით, ხელებზე წვრილი ნაოჭები და პიგმენტური ლაქები გაგიჩნდებათ.

8. ხელების მასაჟი

მასაჟი აუმჯობესებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ამცირებს კუნთების დაძაბულობას, აქტიურად ზემოქმედებს ხელის კანის რეცეპტორებზე. ყველაზე ხშირად გამოიყენება კლასიკური, ასევე, წერტილოვანი მასაჟი. მასაჟისთვის ხელის კრემი გამოიყენეთ.

კრემი უნდა შეიზილოთ მსუბუქი მოძრაობით თითების ფრჩხილებიდან – ზემოთ, მაჯისკენ, შემდეგ კი მაჯიდან – იდაყვისა და მხრისკენ.

არ დაივიწყოთ ხელის სახსრებიც და ყოველი თითი და მისი სახსარი ცალ-ცალკე დაამუშავეთ – წაისვით კრემი და წრიული მოძრაობით შეიზილეთ.

9. ნიღაბი

კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთეთ ნიღაბი, რომელიც ხელის კანს ატენიანებს, არბილებს, აძლიერებს დამცავ თვისებებს, ასტიმულირებს რეგენერაციის (აღდგენის) პროცესებს. მზა ნიღბის შემადგენლობაში შედის ვიტამინები, გლიცერინი, ცხიმები, ლანოლინი, ცვილი, თაფლი, ჟენშენი, ალოე, გვირილა და ა. შ.

ბევრ კოსმეტიკურ მასაჟში შედის სპეციალური ნიღბები ხელებისთვის: წყალმცენარეებით, გამაახალგაზრდავებელი, მათეთრებელი და ა. შ.

10. ვარჯიში

ხელის ვარჯიში დაძაბულობასა და დაღლას მოგიხსნით. გარდა ამისა, თუ ხელები ერთფეროვან სამუშაოს და ერთი და იმავე მდგომარეობას მიაჩვიეთ, შესაძლოა მათი დეფორმაციაც. თითოეული ვარჯიში 8-10-ჯერ უნდა ჩაიტაროთ, რისთვისაც 5-10 წუთი დაგჭირდებათ.

  • თითები ისე აამოძრავეთ, თითქოს ფორტეპიანოზე უკრავთ.
  • დაძაბულობის მოსახსნელად ხელები აქეთ-იქით გააქნიეთ, შემდეგ კი მტევნები მაჯებთან საათის ისრის მიმართულებით და უკან დაატრიალეთ.
  • იდაყვები მაგიდაზე ჩამოდეთ. მაჯასთან  მოხარეთ და გაშალეთ ხელის მტევნები/
  • ხელები მაგიდაზე დააწყვეთ. ნელ-ნელა შეკარით და გაშალეთ მუშტები.
  • იდაყვები მაგიდაზე ჩამოდეთ, შეკარით მუშტები, მკვეთრად გაშალეთ და რაც შეიძლება შორს გაწიეთ ცერა თითი განზე, შემდეგ კი მუშტები შეკარით.
  • გაშალეთ თითები და შემდეგ კი თანმიმდევრობით მოხარეთ ნეკა თითიდან ცერა თითამდე.

 თამთა გურული

დაგაინტერესებთ: ტვინის და სისხლძარღვების დაბერების შენელება მარტივი საშუალებით

მენტალური ასაკი: გაიგეთ, სინამდვილეში რამდენი წლის ხართ – ფერების ტესტი

მენტალური ასაკი: გაიგეთ, სინამდვილეში რამდენი წლის ხართ – ფერების ტესტი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close