ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, „ნაპოლიმ“ „ტორინოსთან“ ვერ მოიგო (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს 28-ე ტურის მატჩში შინ, „სტადიო მარადონაზე“ საბა საზონოვის „ტორინოს“ დაუპირისპირდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე იყო, საბა კი 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
ხვიჩამ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა გოლი, თუმცა ეს მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა – მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ტაიმის დამთავრებამდე ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა „ტორინოს“ კარის გადარჩენა შეძლო..
61-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა მაინც მიაღწია მიზანს და გოლი გაიტანა. მან მარცხენა ფლანგზე შეტევა თავად წამოიწყო, შემდეგ მარიო რუის გადააწოდა პასი, რომლის გადაცემასაც ხვიჩა კარის წინ დახვდა და „ნაპოლი“ ეფექტური დარტყმით დააწინაურა, თუმცა მალევე, 64-ე წუთზე „ტორინოს“ პარაგვაელმა თავდამსხმელმა ანტონიო სანაბრიამ ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა.
„ნაპოლი“ მეორე ტაიმის ბოლოს გამუდმებით უტევდა, თამაში, ფაქტობრივად, „ტორინოს“ ნახევარზე მიმდინარეობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. თამაში ხვიჩამ გაამწვავა, მისი 2 დარტყმა მეკარემ მოიგერია, ერთი კი კარს ოდნავ ასცდა.
ხვიჩას დღევანდელი გატანილი ბურთის შემდეგ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე უკვე 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ წინა სეზონი ხვიჩამ 10 გოლით დაასრულა.
28-ე ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 44 ქულით მე-7 ადგილზეა, ევროზონას 4 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი (პირველ ოთხეულს) – 7 ქულით.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები