7 მარტს შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს 32-ე წევრი. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა ძალაში.
ვაშინგტონში გაიმართა შესაბამისი დოკუმენტების გადაცემის ცერემონია, რომელშიც შვედეთის მთავრობის მეთაური ულფ კრისტენსონი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მონაწილეობდნენ.
პრემიერ-მინისტრმა კრისტენსონმა ნატოს წევრობას შვედეთისთვის უსაფრთხოების სფეროში ახალი ისტორიული ერის დასაწყისი უწოდა და განაცხადა, რომ შვედეთი მოკავშირეებთან ერთად გაინაწილებს პასუხისმგებლობისა და რისკების ტვირთს.
შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ენტონი ბლინკენმაც ისტორიული უწოდა შვედეთისთვის, მთელი თავდაცვითი კავშირისთვის და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღნიშნულ მოვლენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს – უფრო მეტად უსაფრთხოს, ხოლო მთელ ალიანსს – უფრო დაცულს. მოუთმენლად ველი ორშაბათს ნატოს შტაბ-ბინაში მათი დროშის აღმართვას“, – წერს სტოლტენბერგი X პლატფორმაზე (ყოფილი ტვიტერი).
It’s official – #Sweden is now the 32nd member of #NATO, taking its rightful place at our table. Sweden’s accession makes NATO stronger, Sweden safer, and the whole Alliance more secure. I look forward to raising their flag at NATO HQ on Monday.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) March 7, 2024
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 4 აპრილს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ოფიციალურად შეუერთდა ფინეთიც.
შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში წარადგინეს. ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების პროცედურა ერთი წლის თავზე, 2023 წლის მარტში დაასრულა, შვედეთის გაწევრიანება კი თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო გაჭიანურდა.
ნანა ძნელაძე
ამავე თემაზე: ფინეთი ნატოს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა, შვედეთს ალიანსში თურქეთი და უნგრეთი „არ უშვებენ“ (ვიდეო)
კომენტარები