ვიდეოსაქართველოსპორტი

პირველად ისტორიაში საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში ვერცხლის მედალი მოიპოვა (ვიდეო)

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, აგრეთვე, საქართველოს წარმომადგენელი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ქალთა შორის

განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა ევროპის ჩემპიონატებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის ისტორიაში – ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებს შორის საქართველოს წარმომადგენლებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ვერცხლის მედალი მოიპოვა, აგრეთვე, ქალთა შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ.

დაჯილდოების შემდეგ ანასტასია გუბანოვამ, რომელსაც მიაჩნია, რომ ოქროს მოპოვება მისთვის თითქმის შეუძლებელი ამოცანა იყო, პრესას განუცხადა: „უზომოდ კმაყოფილი და წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ. არ ველოდი. გულწრფელად ვაღიარებ, რომ ამ შეჯიბრებაზე მედლისთვის არ წამოვსულვარ; ვხვდებოდი, რომ ოქრო თითქმის შეუძლებელი ამოცანა იყო. უბრალოდ, მინდოდა ყველაფერი მაქსიმალურად გამეკეთებინა, რომ მერე არ ესაყვედურათ. როგორც ხედავთ, შესანიშნავად გამოვიდა. ბონუსად მედალიც დავიმსახურე“. ბევრი გულშემატკივარი და სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რეალურად გუბანოვა იმსახურებდა პირველ ადგილს და ბელგიელი ლუნა ჰენდრიქსი მსაჯებმა „გაქაჩეს“ ოქროზე.

„ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ბევრი გამორჩეული დღე ვიზეიმეთ ერთად… 2019 წელს – კაზაკოვა-რევიას ოქროს მედლები იუნიორთა გრან პრის ფინალში, ვერცხლი – იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 2020 წელს მორის ყვითელაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე, 2022 წელს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენელი ჰყავდა ყველა სახეობაში, გუნდური ასპარეზობის მონაწილეც კი, 2023 წლის ევროპის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას 2023 წლის იუნიორთა შორის გრან პრის ფინალის ოქროს მედლები … და ეს ყველაფერი პირველად!.. სპორტულ წყვილებში დღევანდელი ვერცხლის მედლებიც ხომ პირველად… შეგვაჩვიეს ჩვენმა სპორტსმენებმა ერთ დროს ოცნებად ქცეულ ამ წარმატებებს. მართალია, დღეს ძალიან ახლოს ვიყავით ოქროს მედლებთან, მაგრამ ესეც ხომ წარმოუდგენელი იყო წლების წინ… ანასტასიასა და ლუკას წინ დიდი მომავალი აქვთ. დღევანდელი ვერცხლის მედლები კი დასაწყისია მათი იმ წარმატებებისა, 2026 წლის ოლიმპიური თამაშებისაკენ მიმავალ გზას რომ მიუყვება…“ – წერია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close