CNN-მა თბილისი იმ 12 ევროპულ ქალაქს შორის დაასახელა, რომელთა მონახულებასაც შობა-ახალ წელს მოგზაურებს ურჩევს
„ევროპის ქალაქები, რომლებიც საშობაოდ ჯადოსნურია“ – „სიენენმა“ 12 ევროპული ქალაქი დაასახელა, რომელთა მონახულებასაც მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს.
ჩამონათვალში, რომელშიც 2 ავსტრიული, 2 გერმანული, ერთი ფრანგული, ერთი შვედური, ერთი ნიდერლანდური, ერთი ფინური, ერთი ნორვეგიული, ერთი ბელგიური და ერთი პოლონური ქალაქია, საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი/Joe Minihane „სიენენის“ სამოგზაურო პორტალის მკითხველს ურჩევს, რომ თუ შობის დღესასწაულის გახანგრძლივება სურთ, თბილისს ეწვიონ.
„ვისაც შობის დასრულება ეძნელება, მათთვის საქართველო და მისი დედაქალაქი ნომერ პირველი სადღესასწაულო მიმართულება იქნება.
საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და ქართულ კალენდარს მიჰყვებიან, იულიუსის კალენდრის ნაცვლად, ამიტომ შობა 7 იანვარს აღინიშნება და არა 25 დეკემბერს.
თუმცა საზეიმო დღეები ახალ წელსაც გრძელდება, დღესასწაულების მთავარი დღე აქ 31 დეკემბერია, როდესაც ადგილობრივი მცხოვრებლები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან, ქალაქი კი სპონტანური იმპროვიზებული ფეიერვერკითაა განათებული. თბილისის სადღესასწაულო ღირსშესანიშნაობებს შორისაა უზარმაზარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობასთან რუსთაველის პროსპექტზე, აგრეთვე, ახლომდებარე საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები “, – წერს „სიენენის“ ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურად შობა-ახალი წლის დღესასწაული სტარტს 15 დეკემბრიდან აიღებს, როდესაც თბილისში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება 20:00 სთ-ზე. ამ დროისთვის უკვე ცნობილი იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საქართველოს დადებითი პასუხის მოლოდინი აქვს და ნაძვის ხის ანთებასთან ერთად ამ ფაქტის საზეიმოდ აღნიშვნისთვისაც ემზადება.
ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, 16 დეკემბრიდან ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება, რომელიც 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე მუსიკალური საღამოთი დაიხურება.
საქართველოს დედაქალაქს წელს ახალი ნაძვის ხე ექნება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტს 730 ათასი ლარი დაუჯდა.
ნანა ძნელაძე
კომენტარები