ქალი, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ორივეთი ორსულად არის – 50 მილიონში ერთი შემთხვევა
32 წლის ამერიკელი ქალი, რომელიც ორი საშვილოსნოთი დაიბადა, ახლა ორივეთი ორსულად არის.
კელესი ჰეტჩერი საკუთარ ამბებს მისსავე Instagram ანგარიშზე, სახელად doubleuhatchlings უზიარებს საზოგადოებას. 17 წლის იყო, როდესაც შეიტყო, რომ საშვილოსნოს დიდელფიზი (uterus didelphys) ჰქონდა) – იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს ორმაგი საშვილოსნო აქვს. სტატისტიკურად, ასეთი რამ ქალების 0,3 პროცენტში გვხვდება.
მაისში, ორსულობის მერვე კვირაზე, ულტრაბგერით გამოკვლევაზე სამი შვილის დედამ შეიტყო, რომ ის არა მხოლოდ ტყუპს ელოდებოდა, არამედ უფრო მეტიც – ერთი ტყუპისცალი ერთ საშვილოსნოში, მეორე კი – მეორეში ვითარდებოდა.
„გავოგნდით, მაგრამ შემდეგ ძალიან ბევრი ვიცინეთ“, – წერს კელესი.
„დიდი ალბათობით მოხდა ისე, რომ მას ოვულაცია ცალ-ცალკე ჰქონდა და ფალოპის ლულაში (კვერცხსავალი) თითო კვერცხუჯრედი ჩავიდა, საშვილოსნოს ორივე მხარეს განლაგდნენ. ამის შემდეგ, სპერმამ ორივე საშვილოსნოში შეაღწია და განაყოფიერება ცალ-ცალკე მოხდა“, – ამბობს ალაბამის უნივერსიტეტის გინეკოლოგი შვეტა პატელი.
მიუხედავად იმისა, რომ ორმაგი საშვილოსნოს მქონე ქალებს ხშირად გართულებული ორსულობა აქვთ, ჰეტჩერის წინა სამივე ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, თანაც დროულად.
ორივე საშვილოსნოთი ორსულობა უკიდურესად იშვიათია. ჰეტჩერის თქმით, როგორც მას სპეციალისტებმა უთხრეს, ამის შანსი 50 მილიონში ერთია. ბოლოს ასეთი ფაქტი 2019 წელს ბანგლადეშში აღირიცხა, როდესაც 20 წლის არიფა სულთანამ ჯანმრთელი ტყუპი 26-დღიანი შუალედით გააჩინა.
კომენტარები