იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ კვირას, 12 ნოემბერს სერია A-ს მორიგი, მე-12 ტურის შეხვედრა შინ, მარადონას სტადიონზე გამართა სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ აუტსაიდერთან – „ემპოლისთან “ და მატჩი მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმო.
აღსანიშნავია, რომ თავიდან მოედანზე მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში არ გამოიყვანა არც ხვიჩა კვარაცხელია და არც პიოტრ ზელინსკი – რუდი გარსიამ SKY Sports-თან მატჩაის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განმარტა, რომ კვარაცხელიასა და ზელინსკის დასვენების საშუალებას აძლევდა.
„ნაპოლი“ მოედანზე თავიდანვე უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
რუდი გარსიამ ხვიჩა მოედანზე მე-2 ტაიმში, 54-ე წუთზე გამოიყვანა, კვარამ გამოსვლიდან ძალიან მალე პირველი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა და „ემპოლი“ გადაარჩინა.
კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან თამაში კიდევ რამდენჯერმე გაამწვავა, რამდენჯერმე სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ „ემპოლის“ მეკარემ თავისი კარი გოლისგან იხსნა.
სამაგიეროდ, მსაჯის მიერ დამატებული დროის პირველივე წუთზე „ემპოლის“ ნახევარმცველმა, უკრაინელმა ვიქტორ კოვალენკომ გამოიყენა შანსი: შესანიშნავი დარტყმით (ბურთი ძელს მოხვდა და კარში რიკოშეტით გავიდა – იხ. ვიდეო) თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა და მატჩის გმირი გახდა.
შეხვედრა ანგარიშით – 0:1 დასრულდა ტოსკანური გუნდის სასარგებლოდ.
ამ დამარცხების შემდეგ „ნაპოლის“ ისევ 21 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ლიდერს – „იუვენტუსს“ (12 შეხვედრიდან 29 ქულა) 8 ქულით ჩამორჩება.
იტალიის ჩემპიონატში მორიგ, მე-13 ტურის მატჩს „ნაპოლი“ 25 ნოემბერს გამართავს სტუმრად – ბერგამოში „ატალანტასთან“, რომელიც სატურნირო ცხრილში 12 მატჩის შემდეგ 20 ქულით მე-5 ადგილზეა. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება.
ნუცა ყაველაშვილი
ნახეთ „ნაპოლისა“ და „ემპოლის“ შეხვედრის საინტერესო მომენტები.
კომენტარები