ისრაელი პალესტინელ დასაქმებულებს ღაზის სექტორიდან, რომლებიც ისრაელში მუშაობდნენ, უკან, ღაზაში აგზავნის მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის გამო მათ მუშაობის ნებართვები გაუუქმა. პალესტინელი მუშები ქერემ შალომის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით რაფახში გადადიან.
ისრაელის მიერ პალესტინელი დასაქმებულების, 1000-ობით ადამიანის უკან, ღაზის სექტორში დაბრუნების შესახებ „ფრანს პრესის“ ჟურნალისტებმა და ერთ-ერთმა პალესტინელმა ფუნქციონერმა შეიტყვეს.
გაერო აცხადებს, რომ „სერიოზულად შეშფოთებულია“ ისრაელიდან ღაზის სექტორში პალესტინელი მუშების დაბრუნებით.
თავად პალესტინელი მუშებიც ძალიან შეწუხებულები არიან სამუშაოს დაკარგვით – მათ უკან ხომ, დიდი ალბათობით, მათი ოჯახები დგას, რომლებსაც ახლა ღაზაში ისედაც ძალიან უჭირთ.
ისრაელი აგრძელებს სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორში. ცახალმა (ისრაელის თავდაცვის არმია) გუშინ საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიას ქალაქი ღაზა ალყაში აქვს მოქცეული.
დღეს კი ისრაელის არმიის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალები დასახლებაში შევიდნენ პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად.
არმიის შტაბის ცნობით, ისრაელის ჯარისკაცები უკვე ღაზის ცენტრში იმყოფებიან და ჰამასის მებრძოლებს ებრძვიან.
ისრაელის მხარემ დანაკარგებიც აღიარა – გუშინ საღამოს მონაცემებით, დაღუპული იყო 15-მდე ებრაელი ჯარისკაცი.
გაერო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს ჰუმანიტარულ მიზნით, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ამას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როდესაც ჰამასი ყველა მძევალს გაათავისუფლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰამასს 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს, მათ შორის არიან ბავშვებიც.
ნინო ხოშტარია
კომენტარები