ნათლია უნდა იყოს ერთი, დასაშვებია ორიც – რა შემთხვევაში შეიძლება იყოს სამი ნათლია
ნათლია უნდა იყოს ერთი, დასაშვებია ორიც, სამამდე გაზრდა ნებადართულია პატრიარქის ნათლიად დადგომის შემთხვევაში, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაშია ნათქვამი.
„ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში“, – ნათქვამია განჩინებაში.
სინოდის განჩინების მიხედვით, ეს საკითხი სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დააყენა.
„მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ნათლობის მსახურების აღსრულებისას ჩვენს ეკლესიაში ბოლო დროს გავრცელებულ არასწორ პრაქტიკაზე – მიმრქმელთა (ნათლიების) გადაჭარბებულ რაოდენობაზე“, – ნათქვამია განჩინების ტექსტში.
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 2 ნოემბერს გაიმართა.
კომენტარები