იტალიაკრიმინალი

იტალიის სამი უძლიერესი კრიმინალური დაჯგუფება დაზავდა? – ფოტოების გავრცელების პარალელურად პროკურორები დიდი კოალიციის საფრთხეზე ალაპარაკდნენ

მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც კრიმინალური დაჯგუფებების წამყვანი ფიგურები ერთად სადილობენ. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ იტალიის სამმა უძლიერესმა მაფიოზურმა ჯგუფმა ძლიერი ალიანსი შექმნა, – ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

კამერამ, სავარაუდოდ, კალაბრიის ნახევარკუნძულზე დაფუძნებული დანაშაულებრივი სინდიკატის უფროსი წევრები, ნეაპოლის „კამორა“ და სიცილიაში დაფუძნებული „კოზა ნოსტრა“ დააფიქსირა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა იყო ერთ-ერთი იმ მრავალთაგან, რომელსაც პოლიცია აკვირდებოდა. პროკურორებმა შესაბამისი სამსახურები გააფრთხილეს იტალიის მდიდარ ჩრდილოეთში დიდი კრიმინალური კოალიციის გაჩენის შესახებ.

„ეს არის მილანი“, – უთხრა „კამორას“ ერთ-ერთმა დონმა მოკავშირეს. „ჩვენ არ ვართ სიცილიაში, ჩვენ არ ვართ რომში, ჩვენ არ ვართ ნეაპოლში, ჩვენ აქ კარგ საქმეებს ვაკეთებთ“, – წერია Telegraph-ში გამოქვეყნებულ მასალაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სამმა ძლიერმა კრიმინალურმა ორგანიზაციამ უარი თქვა ისტორიულ მეტოქეობაზე და შექმნა „სუპერ მაფიის“ ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესშესაძლებლობების გაფართოებას, ლომბარდიის ჩრდილოეთ რეგიონში.

ისინი ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში, ასობით მილიონი ევროს ინვესტიციით ლეგალურ ბიზნესში მსოფლიოს მოდის დედაქალაქ მილანში.

ორგანიზაციებმა შექმნეს „ვრცელი კრიმინალური ქსელი“ მას შემდეგ, რაც მიაღწიეს „სტაბილურ და ხანგრძლივ შეთანხმებას კალაბრიის, სიცილიური და რომაული მაფიის წევრებს შორის, ერთგვარ კონფედერაციას“, – განუცხადეს პროკურორებმა გაზეთს.

არსებული ცნობით, რომში ახალჩამოყალიბებული მაფია „კამორასა“ და „ნდრანგეტას“ კრიმინალების ჰიბრიდია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 600-მა სპეცრაზმელმა ჩაატარა სპეცოპერაცია და მაფიის 11 სავარაუდო წევრი დააკავა მთელი რიგი ბრალდებებით, მათ შორის, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით.

მოხდა 225 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აქტივების კონფისკაცია და, სულ მცირე, 142 ადამიანი ჯერ კიდევ ექვემდებარება გამოძიებას მაფიაში მონაწილეობისთვის.

ასევე, არსებობს პრეტენზია, რომ ზოგიერთი ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, „კოზა ნოსტრას“ სასტიკ ბოსთან, მატეო მესინა დენაროსთან არის დაკავშირებული.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო ხოცვა და ძალადობრივი დაპირისპირება ხშირად იყო ამ ჯგუფების ბოსების ცხოვრების წესი, ახლა ისინი „თეთრი საყელოს“ დანაშაულებს ამჯობინებენ.

„კამორა“, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი კრიმინალური ორგანიზაცია, ცნობილია თავისი ნარკოტიკებითა და კრიმინალური ოპერაციებით, ხალხის ძარცვით და სასტიკი თავდასხმებით.
ისინი ყურადღების ცენტრში მოექცნენ შარშან მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „კამორა“ ახალგაზრდებს იწვევდა, რათა ხვალინდელი მაფიის ბოსები გამხდარიყვნენ.

„კამორას“ მსგავსად, „ნდრანგეტა“ ასევე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელის მქონე, გავლენიანი კრიმინალური ორგანიზაცია.

მათი ფესვები იტალიის კალაბრიის რეგიონშია, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ისინი მოდებულები არიან მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და სტაბილური ტემპით აგრძელებენ ზრდას.

ისინი ჩართულნი არიან ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქმედებებში, ნარკოტრაფიკიდან და ფულის გათეთრებიდან დაწყებული, გამოძალვამდე და სამთავრობო კონტრაქტების გაყალბებამდე.

მათი უზარმაზარი მოგება შემდეგ რეინვესტირდება ლეგიტიმურ კომპანიებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ორგანიზაციის ძალასა და გავლენას.

სექტემბერში პოლიციამ აღმოაჩინა, რომ იტალიელი დედა მარია ჩინდამო, რომელიც შვიდი წლის წინ გაუჩინარდა, მოკლული იყო და „ნდრანგეტას“ შეიარაღებულმა პირმა მისი სხეული ღორებს აჭამეს.

იტალიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი მილიონობით ევროს ხარჯავს „ნდრანგეტას“  გლობალური ქსელის დაშლაში.

2021 წელს 70 განგსტერს, რომლებიც დაკავშირებული არიან „ნდრანგეტასთან“, 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯა სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაფიის სასამართლოში.

Cosa Nostra, სიცილიური კრიმინალური სინდიკატი, რომლებიც ასახულია ფილმებში „ნათლია“, შედგება კრიმინალური ორგანიზაციების კოალიციისგან, სახელწოდებით „ოჯახები“ ან „კლანები“.

ისინი ასევე ეწევიან გამოძალვას, კონტრაბანდას, აზარტულ თამაშებს და შუამავლობენ სხვა კრიმინალებს შორის.

მაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დაუნდობელი ავტორიტეტი მატეო მესინა დენარო, წელს 61 წლის ასაკში მსხვილი ნაწლავის კიბოთი მოკვდა ციხეში.

დენარომ, რომელსაც „კოზა ნოსტრას“ „უკანასკნელი ნათლია“ უწოდეს, 30 წელი გაატარა მიმალვაში, 50 ადამიანის მკვლელობისთვის.

primetime.ge

დაკავშირებულ თემაზე: სიცილიური მაფიის – „კოზა ნოსტრას“ უკანასკნელი „ნათლია“ ციხეში მოკვდა 61 წლის ასაკში

სიცილიური მაფიის – „კოზა ნოსტრას“ „უკანასკნელი ნათლია“ ციხეში მოკვდა 61 წლის ასაკში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close