ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაკარგული ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს
7 ოქტომბერს ისრაელში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ მუსიკალურ ფესტივალზე დაკარგული ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გოლდბერგის და, მარი ლობატონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„14 დღის შემდეგ ღმერთმა წამართვა იმედი, რომელიც მქონდა… თამი ცივსისხლიანად მოკლეს სასაკლაოზე. მის მთლიან სხეულსაც კი ვერ დავინახავთ. ღმერთმა უმძიმესი განაჩენი გამოგვიტანა. ღმერთმა ჩააქრო ჩვენი სინათლე…
შენ ალბათ ზედმეტად სუფთა იყავი ამ საშინელი სამყაროსთვის. სამუდამოდ ჩემს გულში იქნები.
ბოდიში, რომ ჯოჯოხეთის გავლა მოგიწია…. და თუ მომიწევდა შენი შეჯამება ერთი წინადადებით: „შენ იცხოვრე დღევანდელი წამით, ბოლო წამამდე“. მიყვარხარ, ჩემო დაო, და არასდროს დამავიწყდები“, – წერს მარი ლობატონი.
საქართველოს ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისასთქვა, რომ იმედი ჰქინდათ, თამარ გოლდბერგი გატაცებულთა შორის იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს:
„ჩვენ პარასკევს საღამოს მივიღეთ სამწუხარო ცნობა თამარ გოლდბერგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ შეატყობინა ოჯახს ამის შესახებ. ჩვენ ბოლომდე იმედი გვქონდა, რომ შეიძლებოდა გატაცებულებში ყოფილიყო და ჩართული ვიყავით სრულად პროცესში“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე, ღაზის საზღვართან ახლოს ჰამასის თავდასხმის შემდეგ 260 ცხედარი იპოვეს.
კომენტარები